საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელევიზიებისგან სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი წინასაარჩევნო ვიდეოს ამოღებას ითხოვს. შესაბამისი დოკუმენტი რუსთავი 2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

როგორც წერილშია ნათქვამი, ვიდეორგოლები შინაარსიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება "მაუწყებლობის შესახებ" კანონს.

კომისიის არგუმენტები

როგორც კომისიის წერილშია ნათქვამი, ერთ-ერთ ვიდეორგოლში გამოყენებული არის ნაწყვეტი გადაცემა რეაქციიდან, სადაც გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია კითხვას უსვამს პრეზიდენტობის კანდიდატს. კომისიის მოთხოვნაში განმარტებულია, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება და მოხსენიებულია როგორც მოღალატე, რაც არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს. ამ რეკლამის განთავსებაც აკრძალულია "მაუწყებლობის შესახებ" კანონით.

ფოტო: თამთა მურადაშვილი / Facebook

რაც შეეხება მესამე ვიდეორგოლს, კომისია ამბობს, რომ ის შეიცავს უხამს გამონათქვამს. "მაუწყებლობის შესახებ" კანონით იკრძალება ნებისმიერი პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიას მსგავსი რამ აქამდე არ უქნია და დაუშვებელია:

"პრაქტიკულად, კომისიამ საკუთარ თავს მიანიჭა იმის უფლებამოსილება, რომ ჩაერიოს არჩევნებში, გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. მათ გადაწყვიტეს, რომ რეკლამის შინაარსში შევიდნენ და გადაწყვიტოს რა სიტყვები, რა კონტექსტი და რა შინაარსი უნდა იქნას გამოყენებული ან არ უნდა იქნას გამოყენებული".

ერთ-ერთ რგოლში, სადაც ინგა გრიგოლიას მონაწილეობაზეა საუბარი, მურადაშვილი ამბობს, რომ წამყვანი ვიდეოში არ იღებს მონაწილეობას. მისი განმარტებით, კადრები საჯაროა და მისი გამოყენება ყველას შეუძლია, ხოლო ეს რეკლამაში მონაწილეობას არ ნიშნავს.

On.ge ცდილობს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაუკავშირდეს და დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.