ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო.

მოსამართლემ თავდაპირველად გიზო ღლონტის სასჯელი – 7 წელი გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც განაჩენის გამოცხადება დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება. პროკურატურის აღნიშნული ბრალდება თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია, რის შემდეგაც მან და მისმა გუნდმა მმართველი გუნდი დატოვეს.