განახლება: რეგულაციის ამოქმედების შესახებ თბილისისის მერიის გადაწყვეტილება მოგვიანებით მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განმარტა. მისი თქმით, თუ კომპანიის ტაქსები მხოლოდ გამოძახების სერვისით მოემსახურებიან მგზავრებს, მაშინ მათზე თეთრად შეღებვის ვალდებულება არ გავრცელდება.

თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა.

ფოტო: თბილისის მერია

პირველი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.

კახა კალაძის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე, ტაქსის სერვისის განხორციელებაზე 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან კი, ამ საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.

"მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ერთწლიანი ნებართვის საფასური შიდა წვის ძრავიან ავტომობილზე შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდულზე – 50 ლარს, ელექტროავტომობილებისთვის კი, უფასოა", – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ამბობს, რომ სატრანპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპია ვიზუალური სტანდარტი, ყველა ტაქსი მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში თეთრი უნდა იყოს.

მერის განმარტებით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებითვის ქალაქში სპეციალური უფასო პარკირების ადგილები გამოიყოფა.

"გარდა ამისა, ტაქსის მანათობელი, რომელსაც დედაქალაქის მერია დაამზადებს, პირველ ჯერზე მათ გადაეცემათ უფასოდ. დაზიანების და გატეხვის შემთხვევაში კი, ყიდვა მოუწევთ", – განაცხადა კახა კალაძემ.