13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ელიტურ კორუფციასა და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს.

"ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები", — ასე უპასუხა კობახიძემ არასამთავრობოების კრიტიკას არჩევანის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოებასთან კავშირი არ აქვთ და მესამე სექტორი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს.

პირველ ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მძიმე კრიზისია და ამაზე სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირება და პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე მიუთითებს.