პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე ხუმრობისა და კრიტიკის შემდეგ შეჩერებული სატირულ-იუმორისტული შოუ ვასმედია ტელეიმედის ეთერს "განახლებული დეკორაციით" 14 ოქტომბერს უბრუნდება.

ვასიკო ოდიშვილის ვასმედიის ბოლო გადაცემა ეთერში 30 სექტემბერს გავიდა. ვასიკო ოდიშვილმა სხვა თემებთან ერთად "ირაკლი კობახიძის ტყუილებიც მიმოიხილა". შემდეგი გადაცემა 7 ოქტომბერს უნდა გასულიყო, თუმცა ტელემაყურებელმა ის ვეღარ იხილა. ამის შესახებ პირველად ონლაინგამოცემა ლიბერალმა დაწერა.

მას შემდეგ, რაც გადაცემის შეწყვეტა რამდენიმე მედიასაშუალებამ გააშუქა ვასმედიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდიდან ცნობილი გახდა, რომ გადაცემა ეთერს 14 ოქტომბერს "განახლებული დეკორაციით" დაუბრუნდება.

On.ge-მ სცადა ტელეიმედის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ბახტაძესთან დაკავშირება და იმის გარკვევას, თუ რატომ დასჭირდა სეზონის დასაწყისში ორჯერ გასულ გადაცემას დეკორაციის ცვლილება. თუმცა გიორგი ბახტაძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

როგორც On.ge-ს ვასმედიის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, გვანცა გორდეზიანმა უთხრა გადაცემაში ცვლილებების შეტანა სურდათ, რის გამოც გადაცემის ჩაწერაში ხელი შეეშალათ.

"ისეთი აჟიოტაჟი ატყდა მედიაში, ჯერჯერობით ძველი ფორმატით შევალთ ეთერში და ნელ-ნელა მივამატებთ ახალ რუბრიკებსაც", - განაცხადა გორდეზიანმა.

ჩვენ დავინტერესდით გადაცემის ფორმატის ცვლილებით ხომ არ იცვლებოდა მისი შინაარსიც, რაზეც გორდეზიანმა გვიპასუხა:

"არა ამ გადაცემის შინაარსი არასოდეს არ შეიცვლება".