ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მას პრეზიდენტის შეწყალება არ სჭირდება. განცხადება მერაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ქართულ ოცნებაში "ისტერია დაიწყო" და ამომრჩეველს პატიმრების შეწყალებებითა და არეულობით აშინებენ.

"სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაღიარა პოლიტპატიმრად, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ დიდმა პალატამ. მე ვარ ერთადერთი პატიმარი ევროპაში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა აღიარა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა", — აღნიშნულია განცხადებაში.

სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ახალაიას შეწყალება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო დაპირებაა. ვაშაძის მეორე ტურში გადასვლის შემდეგ კი, მმართველი გუნდი იმაზე ალაპარაკდა, რომ ის სააკაშვილს და მის სხვა თანაგუნდელებს შეიწყალებს, რაც სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.

შეწყალების საკითხს გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის არ აპირებს მას შეწყალებით მიმართოს.

"ვისი რა შესაწყალებელი მჭირს? თქვენ ალბათ ვიღაცაში გერევით. მე თითზე გადასახვევი არ წამომიღია საქართველოდან... რაზე უნდა მივმართო? შემიწყალეთ, უკაცრავად ქართული სახელმწიფო ავაშენეო"? — განაცხადა სააკაშვილმა.

შეწყალების მოთხოვნაზე უარი განაცხადა ბაჩო ახალაიამაც, რომელიც რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული.

"ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდებოდეს", — აღნიშნულია განცხადებაში.