ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო ძალა ერთობაშიას ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. ნაციონალურ მოძრაობაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ვიდეომასალა რამდენიმე დღის წინ, არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილის სახლში ჩაიწერა.

"მე მესმის ეს [შეხვედრა] რასაც უკავშირდება, ასევე ვაცნობიერებ, რომ ქვეყანა არის ჩიხში შესული და გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ ხალხზეა დამოკიდებული და მინდა, რომ წარმატება გისურვოთ", — ირაკლი ოქრუაშვილის ამ სიტყვებით იწყება ვიდეო.

ვიდეოში ოქრუაშვილი ამბობს, რომ წარსულიდან გამომდინარე, მას მოსაფიქრებლად დრო სჭირდება.

"როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი ხოლმე. შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა დრო მაცალეთ და მე მგონი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა", — ამბობს ოქრუაშვილი ვიდეოში.

ისვე აღნიშნავს, რომ ერთადერთი პირობა, რაც მასე ექნება ისაა, რომ მისი შვილები გაიზარდონ უკეთეს გარემოში.

ირაკლი ოქრუაშვილი წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ნახევარში, სხვადასხვა დროს, იყო თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი. მოგვიანებით, მან პარტია შექმნა და მაშინდელ ხელისუფლებას, თავის ძველ გუნდს დაუპირისპირდა.