"პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი", — ასე შეაფასა ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერსა და თბილისი ყოფილ მერს, გიგი უგულავას მიაჩნია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან.

უგულავა ფეისბუქზე წერს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის საჭიროა პროდასავლური ამომრჩევლის მიმხრობა, რომლისთვისაც ოქრუაშვილი "წითელი ხაზია".

"ამ ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს "პოდმოსკოვსკი" დაჩაზე, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავსს განცხადებებს. რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება. ამის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა ქვეყანაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენებები მიეცა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ", — წერს უგულავა.

მისი თქმით, ვაშაძის მსგავსი ქმედებით ოპოზიცია მორალურ უპირატესობას უთმობს ქართულ ოცნებას, რადგან ოქრუაშვილი მმართველი გუნდის ნარატივს იმეორებს.

28 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. როგორც უგულავა თავის პოსტში წერს, ვაშაძის ვიზიტი ოქრუაშვილთან მხარდაჭერაზე არ იქონიებს გავლენას.

3 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძე ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო ძალა ერთობაშიას ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა, რომელიც არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილის სახლში ჩაიწერა.

ვიდეოში ოქრუაშვილი ამბობს, რომ წარსულიდან გამომდინარე, მას მოსაფიქრებლად დრო სჭირდება.

"როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი ხოლმე. შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა დრო მაცალეთ და მე მგონი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა", — ამბობს ოქრუაშვილი ვიდეოში.

ირაკლი ოქრუაშვილი წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ნახევარში, სხვადასხვა დროს, იყო თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი. მოგვიანებით, მან პარტია შექმნა და მაშინდელ ხელისუფლებას, თავის ძველ გუნდს დაუპირისპირდა.