განახლება: ერთი პოსტისა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვირიკაშვილი ფეისბუქზე აღარ იძებნება

რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ექს-პრემიერმა კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გაუქმებული ფეისბუქგვერდი დღეს, 7 ნოემბერს განაახლა.

"მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე, და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას. არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და, რა თქმა უნდა, სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა", — წერს კვირიკაშვილი და განმარტავს, რომ ის იმ ფასეულობების მხარდასაჭერად დაბრუნდა, რისით მუდამ სწამდა:

"[მხარს ვუჭერ] ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე, და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში... და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში, და გადასარჩენია მუდმივად. და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში, და არ დაიღლება ჩემშიც, სანამ სული მიდგას".

ქართული ოცნების დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 5 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში "ძველ გვარდიას", გაბრაზებულ თანამებრძოლებს მიმართა.

"ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ", — აღნიშნა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში.

გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის 13 ივნისს გადადგა და ამის მიზეზად პარტიის ლიდერთან ეკონომიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. მისი ადგილი იმ დროს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაიკავა.

5 ივლისს კვირიკაშვილმა პარტია ქართული ოცნებაც დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პარტია საკუთარი სურვილით განცხადების საფუძველზე დატოვა.