რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური გამოცემის ჩეჩნურენოვანი რადიო მარშოს ჟურნალისტი ასლანბეგ დადაევი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა.

On.ge-სთან საუბრისას ასლანბეგ დადაევი ვარაუდობს, რომ მისი საქართველოში არშემოშვება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

"ზუსტად არ ვიცი, ჩემს რომელ ჟურნალისტურ სამუშაოს უკავშირდება, თუმცა მე ვმუშაობ პანკისში და ჩავწერე ინტერვიუ მალხაზ მაჩალიკაშვილთან. პანკისში როცა ვიყავი, სავარაუდოდ, პიკაპი დამყვებოდა ჩემი მანქანის უკან და მანქანაში, სავარაუდოდ, სპეცსამსახურის ორი თანამშრომელი იჯდა", — განაცხადა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, ამ დრომდე საქართველოს საზღვრის კვეთის პრობლემა არ ჰქონია. 2016 წელს თბილისში 7 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. დადაევის თქმით, ის საქართველოში, პანკისში ცხოვრობს, ბინა აქვს ნაქირავები, ამჟამად ჩეჩნეთში იმყოფება და საქართველოში ჩამოსვლა საკუთარი ნივთების წასაღებად უნდოდა.

დადაევის თქმით, მას შემდეგ, რაც საზღვრიდან უკან გააბრუნეს მიიღო წერილი, სადაც ეწერა, რომ "საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს".

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში იგივე განუცხადეს, რაც ჟურნალისტისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

"სასაზღვრო გამშვებ პუნქტ დარიალზე რუსეთიდან საქართველოში შემოსვლაზე საქართველოს კანონის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე ასლან დადევს უარი ეთქვა შემოსვლაზე", — განუცხადეს On.ge-ს შსს-ში. აღნიშნული მუხლი "კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს გულისხმობს.