საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ჯერ არ გამოძიებულ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ტყუილში გამოიჭირა. მინისტრი კვლავ აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ამბობს, რომ დავალება, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობისგან მიიღეს.

"მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო დამაჯერებელი. ეს ტყუილი ვერ დადასტურდა იმიტომ, რომ ტყუილია", — თქვა იუსტიციის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ სამმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელეს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება.