მსოფლიოში ყოველდღიურად საშუალოდ 137 ქალს პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს. ამის შესახებ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) კვლევაშია ნათქვამი. კვლევა ქალთა მიმართა ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა.

გაეროს ცნობით, სახლი არის ადგილი, სადაც ქალს ყველაზე ხშირად კლავენ. გასულ წელს მსოფლიოში 87 000 ქალი მოკლეს, მათ შორის 50 000 (58%) — ოჯახის წევრმა ან პარტნიორმა. ამ მონაცემებით, UNODC ადგენს, რომ ყოველ საათში 6 ქალი მათივე ნაცნობების ხელით კვდებიან.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე ხშირად პარტნიორები და ოჯახის წევრები აფრიკისა და ამერიკის რეგიონში მცხოვრებ ქალებს კლავენ. აფრიკაში ყოველ 100 000 ქალში 3,1 ფემიციდის მსხვერპლია, ამერიკაში ეს მაჩვენებელი 1,6-ია, ოკეანეთში 1,3, ხოლო აზიაში 0,9. 100 000 ქალზე მსხვერპლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი ევროპაშია — 0,7%.

ქალები, რომელთა მკვლელობაზეც საერთაშორისო მედიამ 2018 წლის ოქტომბერში დაწერა

გაეროს სტატისტიკას BBC-ის პროექტი 100 ქალი გამოეხმაურა და რიცხვების მიღმა ფემიციდის მსხვერპლი ქალების ისტორიებზე დაწერა. 100 ქალი პროექტია, რომელიც ყოველწლიურად 100 ქალის შთამაგონებელი და საინტერესო ისტორიების შესახებ გვიყვება.

ჯუდით ჩესანგი, 22 წლის, კენი

ფოტო: BBC

პირველ ოქტომბერს, ორშაბათ დღეს, ჯუდით ჩესანგი და მისი და, ნენსი მინდორში მოსავლის ასაღებად გავიდნენ.

სამი შვილის დედა ჯუდითი ცოტა ხნის წამოსული იყო თავისი ქმრისგან, ლაბან კამურენისგან და თავისი მშობლების სოფელში ქვეყნის ჩრდილოეთით ცხოვრობდა.

მას შემდეგ, რაც დებმა საკუთარი მოვალეობები შეასრულეს, ჯუდითის ქმარი ოჯახის ფერმაში მივიდა, თავს დაესხმა ჯუდითს და მოკლა.

ადგილობრივმა პოლიციამ თქვა, რომ ამის შემდეგ ჯუდითის ქმარს სოფლის მაცხოვრებლები გაუსწორდნენ.

ნეჰა შარად ჩაუდური, 18 წლის, ინდოეთიდან

ფოტო: MANOHAR SHEWALE

ნეჰა მეთვრამეტე დაბადების დღეზე მოკლეს. ის საკუთარ პარტნიორთან ერთად აღნიშნავდა. პოლიციამ BBC-ის დაუდასტურა, რომ ნეჰას ოჯახის წევრები მისი ურთიერთობის წინააღმდეგები იყვნენ.

მისი მშობლები და ერთი კაცი ნათესავი მის მკვლელობაში არიან ბრალდებულები. გამოძიება გრძელდება და სამი ეჭვმიტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ზეინაბ სეკაანვანი, 24 წლის, ირანიდან

ფოტო: AMNESTY INTERNATIONAL

ზეინაბის სეკაანვანი ირანის მთავრობამ თავისი მეუღლის მკვლელობისთვის სიკვდილით დასაჯა.

ზეინაბი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ღარიბი კონსერვატორების ოჯახში დაიბადა. თინეიჯერობის ასაკში ის ჩუმად დაოჯახდა, უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედით.

Amnesty International-ის ცნობით, მას ქმარი მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას და არც განქორწინებაზე თანხმდებოდა. ზეინაბის პრობლემებს არც პოლიციამ მიაქცია ყურადღება.

ის 17 წლის ასაკში ქმრის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ზეინაბის მხარდამჭერების თქმით, ის აწამეს და სცემეს, რათა ეღიარებინა ქმრის მკვლელობა. ზეინაბმა სამართლიანი სასამართლო ვერ მიიღო.

გაერო იუწყება, რომ ქმრის ან პარტნიორის მკვლელ ქალებს "ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფიზიკური ძალადობის გამოცდილება აქვთ".

სანდრა ლუცია ჰამმერ მოურა, 39 წლის, ბრაზილია

ფოტო: PHOTOPQR/LE PROGRES/PHOTO JEAN-PIERRE BALFIN

სანდრა ლუცია ჰამმერ მოურა 16 წლის ასაკში აუგუსტო აგუიარ რიბერტოს გაჰყვა ცოლად. წყვილი 6 თვის დაშორებული იყო, როცა აუგუსტომ ცოლი მოკლა. პოლიციის ცნობით, მან კისერში ჩაარტყეს. მეუღლე მკვლელობას საკუთარი ტელეფონით იღებდა. მან თქვა, რომ სანდრა სხვა კაცზე დაინიშნა და უღალატა.

ის ვიდეოში ამბობდა, რომ ვერ დააკავებდნენ, რადგან ის და მისი მეწყვილე "ღმერთის სადიდებელში" ერთად წავიდნენ. ამის შემდეგ მან სიცოცხლე საკუთარ საწოლ ოთახში თვითმკვლელობით დაასრულა.

მერი ამელი ვაირატი, 36 წლის საფრანგეთი

ფოტო: PHOTOPQR/LE PROGRES/PHOTO JEAN-PIERRE BALFIN

მერი ამელის სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა მიაყენა.

წყვილი ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ დაშორდნენ. ის მერის დანით დაესხა თავს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ციხეში მოიკლა თავი.

მოქალაქეებმა მერის სახლთან ხსოვნის საპატივსაცემოთ ყვავილები მიიტანეს და სანთელი დაანთეს. მერი ამელი სწორედ იმ დღეს მოკლეს, როცა საფრანგეთმა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ახალი გეგმა გაასაჯაროვა.

საქართველო

სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში 22 ქალია მოკლული. 21 ფემიციდის შემთხვევა ფიქსირდება 2016 წელს, 18 ასეთი შემთხვევა – 2015 წელს, 2014 წელს კი – 35. 2018 წლის თებერვლის თვეში პოლიციამ ოჯახური ძალადობისთვის 14 ადამიანი დააკავა.

ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტი საქართველოში ფემიციდის მსხვერპლ ქალებზე ინფორმაციას აგროვებს და ვებგვერდზე აქვეყნებს.

მკვლელობა შილდაში

ეკა ნაქევხრიშვილი

ეკა ნაქევხრიშვილი

ფოტო: femicide.ge

2017 წლის 18 ოქტომბერს, ყვარელის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ქალი გამოესალმა სიცოცხლეს — ის საკუთარ სახლში იპოვეს ჩამომხრჩვალი. ქალი შიშველი ეკიდა თოკზე. პროკურორმა საქმის წარმოება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ეკას ცხედარზე სხეულზე დაზიანებები აღმოუჩინეს, რის გამოც ეჭვი გაჩნდა, რომ ქალი ჯერ მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. გარდაცვალების შესახებ ზუსტი გარემოებები უცნობია. გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს.

ეკას დაკრძალვის დღეს, მისი მეუღლის, რამინ გურასპიშვილის ძმამ თავის მოკვლა სცადა - ეკას მსგავსად, ჩამოხრჩობის გზით აპირებდა ამას, მაგრამ მეზობელმა იპოვა და გადაარჩინა.

გურასპიშვილის ოჯახები კვლავაც სოფელ შილდაში ცხოვრობს და აქ იზრდება პატარა ბარბარე გურასპიშვილიც — ეკას მეორე შვილი, 3 წლის გოგო.

მირანდა ვაჩეიშვილი, 39 წლის

ფოტო: femicide.ge

ოთხი შვილის დედა, 39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი, ყოფილმა ქმარმა 2017 წლის 25 აპრილს რკინის მავთულით გაგუდა. ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ქალის ცხედარს მამამთილის სახლში მიაკვლიეს.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, 42 წლის გიორგი ჯანაშვილმა ყოფილი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. პოლიციამ ის გლდანის მეოთხე მიკრო–რაიონში, შენობაში შესვლის მომენტში დააკავა.

აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჯანაშვილს მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ანა ნაცვლიშვილი, 21 წლის

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

ფოტო: femicide.ge

21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, 22 თებერვალს გამთენიას, თემქაზე, მამამ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვნა. ანას ოჯახის წევრებთან ერთად ეძებდა მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილიც, რომელსაც პოლიციამ ანას მკვლელობისთვის ბრალი დღის ბოლოს წარუდგინა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს სახლიდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით, მიტოვებულ ავტოსადგომებთან მიაგნეს. ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

მკვლელობის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალიტებმა, სისხლისა და დნმ-ის კვალთან ერთად ავტომანქანის საბურავების კვალსაც მიაგნეს. წინასწარი გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ გრიგალაშვილი მკვლელობის ადგილზე მანქანით მივიდა და ტერიტორია სწრაფი სიჩქარით დატოვა.

ამ საეჭვო გარემოებებისა და მოკლული ქალის ოჯახის წევრების ჩვენებების საფუძველზე, გრიგალაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. დღის ბოლოს მან დანაშაულის ჩადენა აღიარა.

ოფიციალურმა უწყებამ მოტივად შურისძიება დაასახელა. შეყვარებულის მკვლელობის ბრალდებით, გრიგალაშვილის ბრალი ოფიციალურად მომდევნო დღეს წარუდგინეს.

საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულმა 21 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში შვიდი ჭრილობა მიაყენა.

ნინო ჯავახიშვილი, 31 წლის

სოფელ ბოდორნასთან, ხევში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები მწყემსმა 2018 წლის 15 თებერვალს გამთენიას იპოვა.

ნინო ჯავახიშვილის ცხედარი გზის პირას მდგარ ავტომანქანაში, მამაკაცი კი ხეზე იყო ჩამომხჩვალი. ქალს ძალადობის კვალი ყელზე აღენიშნებიდა. გამოძიების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ გაგუდეს. საქმეში წერია, რომ ქალს სასიკვდილო დაზიანებები ქმარმა მიაყენა და შემდეგ თავი მოიკლა.

მასალა მომზადებულია ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, რომელსაც GIPA ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: femicide.ge