26 ნოემბრის ღამეს წითელ პლანეტაზე დასახლებული რობოტებს კიდევ ერთი ხომალდი შეემატა, მისი სახელია InSight.

მარსზე დაშვება ადვილი არ ყოფილა, მანქანის ზომის რობოტს მხოლოდ შვიდი წუთი ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც ხომალდის სიჩქარე საათში 20 000 კილომეტრიდან ნულამდე უნდა შემცირებულიყო. ამისთვის ხომალდს დაშვების პროცედურის თითოეული ნაბიჯი იდეალურად უნდა შეესრულებინა, ერთი პატარა გადახვევაც შესაძლოა ხომალდის განადგურებით დასრულებულიყო, თუმცა დაშვების პროცედურის განხილვამდე, ხომალდზე მოგიყვებით.

თუ ნასას მისიებს თვალყურს ადევნებთ ხოლმე, შეამჩნევდით, რომ InSight-ის დიზაინის მქონე ხომალდი აქამდეც გინახავთ. ახალი ხომალდის დიზაინი ნასას ძველ რობოტზე, Phoenix-ზეა დაფუძნებული, რომელიც მარსის ჩრდილოეთ პოლუსზე 2008 წელს დაეშვა. Insight სიმაღლეში დაახლოებით ერთი, ხოლო სიგანეში ექვსი მეტრია. უკვე არსებული დიზაინის გამოყენება თანხების დაზოგვის მიზნით გადაწყდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ის იყო, რომ მსგავსი დიზაინის ხომალდი ნასამ მარსზე ერთხელ უკვე დასვა, რაც InSight-ის წარმატებით დაშვების შანსს ზრდიდა.

Phoenix

Phoenix

ფოტო: NASA

InSight

InSight

ფოტო: NASA

ხომალდი მარსისკენ 2018 წლის 5 მაისს გაეშვა და მას წითელ პლანეტამდე მისაღწევად დაახლოებით შვიდი თვე დასჭირდა.

ტერორის შვიდი წუთი

მარსზე დაჯდომა რთულია. თუ წითელ პლანეტაზე გაგზავნილი ხომალდების ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათმა ნახევარმა დაკისრებულ მისიას თავი ვერ გაართვა. ამის გამო, პლანეტაზე დაჯდომის პროცესი ხომალდზე მომუშავე მეცნიერთათვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია.

დაშვების პროცესი ათასობით წინასწარ დაპროგრამებული პუნქტისგან შედგება და ხომალდის სიცოცხლე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული:

1. მოდულის განცალკევება

ფოტო: Lockheed Martin

მარსის ატმოსფეროს ზედა ფენებთან პირველ კონტაქტამდე შვიდი წუთით ადრე, დაჯდომის პროცესის პირველი პუნქტი სრულდება - ხომალდი სამგზავრო მოდულს შორდება.

განცალკევების შემდეგ ხომალდის სითბური ფარი მარსის ატმოსფეროში შესასვლელად საჭირო ორიენტაციას იღებს, ეს ნაბიჯი კრიტიკული მნიშვნელობისაა.

2. პირველი კონტაქტი

ფოტო: Lockheed Martin

წარმატებული დაშვებისთვის აუცილებელია, რომ ხომალდის ატმოსფეროში შესვლის კუთხე ზუსტად 12 გრადუსი იყოს. ერთი გრადუსით უფრო მახვილი კუთხის შემთხვევაში, ხომალდი ატმოსფეროს სქელ ფენებს დროზე ადრე შეეჯახება, გაცხელდება და დადნება. ერთი გრადუსით უფრო ბლაგვი კუთხის შემთხვევაში კი ხომალდი ატმოსფეროში შესვლას ვერ მოახერხებს და ის პლანეტას ჩაუფრენს.

მარსის ზედაპირიდან დაახლოებით 27 კილომეტრის სიმაღლეზე ატმოსფერო უფრო და უფრო სქელდება, ხომალდის სითბური ფარის ტემპერატურა კი 1 000 ცელსიუსს აჭარბებს. მომდევნო ორი წუთის განმავლობაში ხომალდის სიჩქარე ძალიან სწრაფად ეცემა და ის საათში დაახლოებით 1600 კილომეტრზე ჩამოდის.

3. ზებგერითი პარაშუტი

ფოტო: Lockheed Martin

მარსის ზედაპირიდან დაახლოებით 16 კილომეტრის სიმაღლეზე ზებგერითი პარაშუტი აქტიურდება. პარაშუტის გაშლიდან 15 წამში სითბური ფარის მოშორების დროა. წინასწარ განთავსებული ექვსი პიროტექნიკური მოწყობილობა კონტროლირებულად ფეთქდება, ფარი ატმოსფეროში იკარგება და ხომალდი მარსის ზედაპირს პირველად ხედავს.

4. რადარის გააქტიურება

ფოტო: Lockheed Martin

სითბური ფარის მოშორებიდან 10 წამის შემდეგ, სამი პიროტექნიკური მოწყობილობის დახმარებით ხომალდის ფეხები დასაჯდომ პოზიციაში ფიქსირდება. ერთი წუთის შემდეგ კი აქტიურდება რადარი, რომელიც ზედაპირიდან ხომალდის დაშორებასა და მის სიჩქარეს ზომავს.

5. ძრავების გააქტიურება - კონტროლირებადი დაშვება

ფოტო: Lockheed Martin

რობოტი დამშვებ მოდულს სცილდება და აქტიურდება ძრავები, რომელიც ხომალდს ორიენტაციას უცვლის, რათა პარაშუტი და დამშვები მოდული მას არ დაეცეს. იწყება კონტროლირებადი დაშვება.

6. დაჯდომა

ფოტო: Lockheed Martin

ხომალდი ზედაპირზე ეშვება. დაშვების მომენტში აუცილებელია ყველა ძრავის ზუსტად ერთ მომენტში გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომალდი გადაყირავდება და დაზიანდება.

ზედაპირზე დაჯდომის შემდეგ ხომალდი დედამიწაზე სიგნალს აგზავნის, რომლითაც ის კაცობრიობას ატყობინებს, რომ დაშვება წარმატებით განხორციელდა.

წარმატება

26 ნოემბერს, 23:52:59-ზე ხომალდი მარსზე დაეშვა, რაც ნიშნავს, რომ მან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტს თავი წარმატებით გაართვა. დაშვებიდან დაახლოებით ერთ წუთში ხომალდმა წინასწარ დაპროგრამებული პროცედურების განხორციელება დაიწყო და პირველი სურათებიც გამოგზავნა.

ახალი ხომალდიდან მიღებული პირველი ფოტო

ახალი ხომალდიდან მიღებული პირველი ფოტო

ფოტო: NASA

ხომალდის ძრავები დაშვებისას მარსზე მტვერს წარმოქმნის, ამის გამო ხომალდმა მზის პანელები დაშვების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაშალა. ხომალდთან კომუნიკაცია მარსის ორბიტაზე არსებული ორი სატელიტით, Mars Odyssey-სა და Mars Reconnaissance Orbiter-ის საშუალებით ხდება, რომლებიც InSight-ისგან მიღებულ სიგნალს დედამიწაზე ამისამართებენ.

InSight-ის მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფოტო

InSight-ის მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფოტო

ფოტო: NASA

მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეცნიერები რობოტის სისტემებს გადაამოწმებენ. InSight პირველი ხომალდია, რომელსაც დასამონტაჟებელი სენსორები გააჩნია, ამის გამო, მეცნიერები ამ ინსტრუმენტებს რამდენიმე თვეში გააქტიურებენ. ჯერ საჭიროა მათი კალიბრაცია და სენსორების განთავსების ადგილების ზუსტი შერჩევა.

InSight-ის პატარა მეგობრები

აღნიშნული მისია წარმატებული არა მხოლოდ InSight-ისთვის, არამედ მისი ორი პატარა თანამგზავრისთვის, CubeSat-ებისთვისაც იყო. ხომალდ InSight-თან ერთად ნასამ ორი პაწაწინა სატელიტიც გაუშვა, რომლებიც ხომალდს მგზავრობისას კუდში მიჰყვებოდნენ.

საქმე ისაა, რომ ხომალდს მარსზე დაშვების პროცესში, სპეციფიკური ორიენტაციის გამო, დედამიწაზე სიგნალის გამოგზავნა არ შეეძლო. აქ კი საქმეში CubeSat-ები ჩაერთნენ, რომლებიც ზომაში პატარა ჩემოდნებს არ აღემატებიან.

ფოტო: NASA

პატარა სატელიტები InSight-ის დაშვების პროცესში მისგან სიგნალს პირდაპირ რეჟიმში იღებდნენ, რომელსაც შემდეგ უკან დედამიწაზე გზავნიდნენ. ხომალდის წარმატებული დაშვების შესახებ ჩვენ სწორედ ამ ორი პატარა ხომალდის წყალობით გავიგებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშული ინფორმაციის მისაღებად რამდენიმე საათი დაგვჭირდებოდა.

სამწუხაროდ, ამ ორ პატარა ხომალდს მარსის ორბიტაზე მოხვედრის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ მათ მარსს ჩაუფრინეს და მზის სისტემაში მოგზაურობა გააგრძელეს, თუმცა, სანამ მარსი კამერებს მოეფარებოდა, მათ ერთი საბოლოო, გამოსამშვიდობებელი სურათი გადაიღეს.

CubeSat-ის მიერ გადაღებული ფოტო

CubeSat-ის მიერ გადაღებული ფოტო

ფოტო: NASA

CubeSat-ები მარსის შემდეგ მზის გარშემო მოგზაურობას გააგრძელებენ, თუმცა მათ არც ძრავები გააჩნიათ და არც სხვა სისტემები. ამიტომ მეცნიერები მათ მოგზაურობას პასიურ რეჟიმში დააკვირდებიან.

მისიის მთავარი მიზანი მარსის სიღმეების შესწავლაა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ჩვენი მზის სისტემის შიდა, კლდოვანი პლანეტების ჩამოყალიბების პროცესი ოთხი მილიარდი წლის წინ.

მისია და გეგმები

InSight მარსის ქერქსა და მანტიას შეისწავლის, ის ასევე დაადგენს მარსის ბირთვის სავარაუდო ზომასა და მის აგრეგატულ მდგომარეობს. ხომალდი სპეციალური მოწყობილობით გაზომავს სისწრაფეს, რომლითაც პლანეტა სითბოს კარგავს და არსებობის შემთხვევაში, დააფიქსირეს მარსზე სეისმურ აქტივობას.

აქამდე ჩვენამდე ცნობები მხოლოდ მარსის ზედაპირის შესახებ მოდიოდა.

ამ ყველაფრის დასადგენად ხომალდს ორი მთავარი ინსტრუმენტი გააჩნია: სეისმომეტრი და თვით-ჩაჭედებადი სენსორული ბურღი, რომელიც მარსის შინაგან ტემპერატურას გაზომავს. InSight-ს ფოლადის სპეციალური ხელი გააჩნია, რომელიც ამ ორ ინსტრუმენტს ხომალდიდან მოშორებით, ფრთხილად განათავსებს, რის შემდეგაც მონაცემების შეგროვების ეტაპი დაიწყება.

ეს ინსტრუმენტები ძალიან მგრძნობიარეა, ზუსტი მონაცემების შესაგროვებლად საჭიროა, რომ ისინი სრულად უძრავად იყვნენ განთავსებული. თუ ხომალდი ინსტრუმენტებს საკუთარ თავთან ზედმეტად ახლოს განათავსებს, InSight-ის მიერ გამოწვეულმა უმცირესმა ვიბრაციებმაც კი, შესაძლოა სენსორების მიერ შეგროვებული მონაცემები არაზუსტი გახადოს. ამის თავიდან ასარიდებლად მეცნიერები ინსტრუმენტების განთავსებისთვის საუკეთესო ადგილის შერჩევაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებენ.

მენიერების თქმით, ზედაპირზე სენსორების განთავსებას ჯამში 2-3 თვე დასჭირდება, ხოლო შემდეგ მათ ამუშავებას - კიდევ რამდენიმე თვე. ასევე დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ თვით-ჩაჭედებადი ბურღი ზედაპირიდან ხუთი მეტრის სიღრმეზე ჩავიდეს.

ამ ყველაფრის შემდეგ ხომალდი მისიის მთავარ სამეცნიერო ფაზასა და მარსის საიდუმლოებების ამოხსნას დაიწყებს, რომლის საშუალებითაც მეცნიერები ეცდებიან გაარკვიონ, შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ მარსი ჩვენს ახალ სახლად იქცეს.

მანამდე კი იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროცესში, მარსის ახალი მაცხოვრებელი წითელი პლანეტის სურათებით ხშირად გაგვანებივრებს.