სოციალური ქსელი Tumblr, რომელიც, სევდიანი პოსტების გარდა, თამამ გიფებთან და ფოტოებთანაც ასოცირდება, 17 დეკემბრიდან წესებს ცვლის და კონტენტზე შეზღუდვას აწესებს. გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მომხდარ სკანდალს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც Apple-მა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით iOS App Store-დან Tumblr-ის აპლიკაცია წაშალა.

ახალი აკრძალვა შეეხება ფოტოებს, ვიდეოებსა და გიფებს, რომლებზეც გენიტალიები, ქალის ძუძუსთავები ან სექსუალური აქტია გამოსახული. გამონაკლისია ხელოვნების ნიმუშები და საპროტესტო აქციები, სადაც სიშიშვლე პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. შეზღუდვა არ გავრცელდება ეროტიკული შინაარსის ტექსტებზე, სიშიშვლის ამსახველ ილუსტრაციებზე (მთავარია, სექსუალური აქტი არ იყოს გამოსახული), ძუძუთი კვებისა და მშობიარობის ფოტოებზე.

17 დეკემბრიდან "დაუშვებელ" ვიზუალურ მასალას ალგორითმი მონიშნავს და წაშლის. პორნოგრაფიული შინაარსის პოსტები ავტომატურად დაიმალება, რაც მათ გავრცელებას ხელს შეუშლის. Tumblr-ის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ თავდაპირველად ალგორითმმა შეცდომები შეიძლება დაუშვას, რის გამოც მომხმარებლებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნებათ. იმ ადამიანებს, რომელთაც Tumblr-ზე პორნოგრაფიული თემატიკის ბლოგები აქვთ, შეეძლებათ, პოსტები საჯარო სივრციდან გაქრობამდე შეინახონ.

სოციალური ქსელი 2007 წელიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში მომხმარებლებს სწორედ მსუბუქი პოლიტიკის გამო იზიდავდა. წესების შეცვლა, შესაძლოა, Oath Verizon-ის მიერ Tumblr-ის ყიდვას უკავშირდებოდეს.

"ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორი გზით გვინდოდა სიარული. იმისთვის, რომ პირველადი დაპირებების შესრულება შევძლოთ და ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ინტერნეტ-კულტურაში, უნდა შევიცვალოთ. ინტერნეტში უამრავი ადგილია, სადაც ზრდასრულებისთვის განკუთვნილი კონტენტის ნახვა შეიძლება. ჩვენ გვინდა, რომ Tumblr იყოს პლატფორმა, სადაც მეგობრული გარემოა", – განაცხადა Tumblr-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ დ'ონოფრიომ.

სავარაუდოდ, ეს არგუმენტი ვერაფრით ანუგეშებს ადამიანებს, რომლებიც Tumblr-ს საკუთარ სექსუალურ პრეფერენციებზე სასაუბრო პლატფორმად იყენებდნენ.