დაახლოებით ერთი კვირის წინ, მელბურნში გამვლელმა მიწაზე მყოფი უცნაური ყვითელი ცხოველი იპოვა. ეს დაახლოებით ხუთი თვის იშვიათი ოქროსფერი პოსუმია, რომელიც დედას სავარაუდოდ ზურგიდან ჩამოუვარდა. მპოვნელმა ის ადგილობრივ სავეტერინარო კლინიკაში მიიყვანა. ალბათ თქვენც შეამჩნევდით, რომ ის ძალიან წააგავს ერთ-ერთ პოკემონს, კერძოდ კი პიკაჩუს, რის გამოც მას ამ პოკემონის სახელი შეარქვეს.

"ცოტა ხნის წინ კლინიკაში ძალიან იშვიათი პოსუმი მოიყვანეს, რომელსაც მკაფიო ოქროსფერი შეფერილობა აქვს. ასეთი ფერის პოსუმი ბუნებაში ძალიან იშვიათია, თანაც, მტაცებლებს მათი დაჭერა უადვილდებათ, რადგან ისინი საკუთარი ფერის გამო, დამალვას ვერ ახერხებენ", - ნათქვამია სავეტერინარო კლინიკის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ფოტო: Boronia Veterinary Clinic and Animal Hospital

ამ სახეობის პოსუმები, როგორც წესი, ნაცრისფერები არიან, თუმცა პატარა პიკაჩუს მუტაცია აქვს, რის გამოც მისი ორგანიზმი მელანინს საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს. მელანინი პიგმენტია, რომელიც კანის, თმის, თვალებისა და კანის ფერს განაპირობებს.

პიკაჩუმ, მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობდა, ვეტერინარული შემოწმება წარმატებით გაიარა და ის სრულებით ჯანმრთელია. ახლა ის სპეციალური მოვლის ქვეშ იმყოფება და მეცნიერები მის ბუნებაში დაბრუნებას გეგმავენ.

ფოტო: Boronia Veterinary Clinic and Animal Hospital

პოსუმები ღამის ცხოველები არიან, სამწუხაროდ, მისი მკვეთრი შეფერილობის გამო, ის ისეთი მტაცებლებისთვის, როგორებიც ბუები არიან, ადვილი სამიზნეა.

პოსუმები საცხოვრებელ ადგილს ძალიან ეჩვევიან, თუ გაშვებისას პიკაჩუ თავს კომფორტულად არ იგრძნობს, ვეტერინარებმა ის შესაძლოა ბუნებაში აღარ დააბრუნონ.

სავეტერინარო კლინიკა აცხადებს, რომ თუ პიკაჩუს ბუნებაში ვერ დააბრუნებენ, ის ვეტერინარების მიერ მოწყობილ, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დარჩება, სადაც ის ცხოვრებას ბედნიერად გააგრძელებს.

ადამიანები ხშირად სიტყვა პოსუმსა და ოპოსუმს ერთმანეთში ურევენ. რეალურად, ოპოსუმებიც და პოსუმებიც ჩანთოსან ცხოველებს მიეკუთვნებიან, თუმცა ოპოსუმები ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობენ, პოსუმები კი ავსტრალიაში. ორი ცხოველი საბოლოოდ ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს, თუმცა მათ შორის პატარა განსხვავებები მაინც არის. პიკაჩუ არა ოპოსუმი, არამედ პოსუმია.