რამდენიმე წლის წინ ლაბორატორიაში შექმნილი ხორცით გაკეთებული ბურგერის ფასი რამდენიმე ათეული, ან ასეული ათასი დოლარიდანაც კი იწყებოდა. ამჟამად, "ხელოვნური" ბურგერის ფასი დაახლოებით 11 დოლარია.

ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი ახლა უკვე იაფია, მას აქვს ისეთივე გემო, როგორც ნამდვილ ხორცს და მისი წარმოება გარემოს არ აზიანებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა: შეძლებს თუ არა ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი ჩვენ ყოველდღიურ რაციონში ადგილის მოპოვებას?

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2018 წელს საშუალოსტატისტიკურმა ამერიკელმა დაახლოებით 100 კილოგრამი საქონლის ხორცი ჭამა.

ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი ყოველ დღე ორნახევარ 113-გრამიან ბურგერს ჭამდა. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამერიკელებს ხორცი ნამდვილად უყვართ.

პრობლემა ისაა, რომ ხორცის წარმოებისთვის მსხვილფეხა პირუტყვის გაზრდა ძალიან ძვირია. ტიპური ფერმის შენარჩუნება, რომელშიც 300 ძროხა ცხოვრობს, ჯამში წელიწადში 244 630 დოლარი ჯდება. ამ თანხის შემცირება ქარხნის ტიპის ფერმის მოწყობის საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა, ასეთ ფერმებში სხვა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად, დაავადებები და ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა.

იმის მიუხედავად, თუ როგორ არიან ცხოველები აღზრდილი, საქონლის ყოლა გარემოსთვის მაინც საზიანოა. ცხოველების მიერ გამოყოფილი გაზები ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი შეიძლება იყოს, თუმცა, მაგალითად, 2011 წელს მხოლოდ ცხოველების მიერ გამოყოფილმა გაზებმა ატმოსფეროში 119.1 მილიონი ტონა მეთანი გამოათავისუფლა. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ მეთანი, დედამიწის დათბობის თვალსაზრისით, 30%-ით უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე ნახშირორჟანგი.

ამის მიუხედავად, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ადამიანებს საქონლის ხორცი უყვართ. ადამიანების ნაწილმა ხორცის ჭამაზე შეიძლება უარი თქვას, თუმცა ეს ხალხის მხოლოდ მცირე რაოდენობაა.

გამოსავალი?

ფოტო: Pxhere

ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი შეიძლება ზუსტად ის იყოს, რაც ახლა გვჭირდება. თანაც, ამ შემთხვევაში აღარც გარემოს დავაბინძურებთ, აღარც ცხოველებს ვაწვალებთ და გემრიელი ხორცის მირთმევაც შეგვეძლება.

2008 წელს მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ 225 გრამი ხელოვნურად შექმნილი ხორცის ფასი ერთი მილიონი დოლარი იქნებოდა. 2013 წლის 5 აგვისტოს კი ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცით გაკეთებული პირველი ბურგერი შეიჭამა, რომელსაც მეცნიერები ორი წლის განმავლობაში ზრდიდნენ, მისი ფასი 325 000 დოლარი იყო. ორი წლის შემდეგ კი, იგივენაირი ბურგერის გაკეთების ფასი 11 დოლარამდე დაეცა.

ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი ტრადიციულ ხორცს ყველა პუნქტით ჯობს: ის არ მოითხოვს ცხოველების დახოცვას, ხოლო კვლევებით ირკვევა, რომ ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი გარემოში გამოყოფილ მავნე აირებს 96 პროცენტით ამცირებს. თანაც, მის გასაკეთებლად 99%-ით უფრო მცირე ტერიტორიაა საჭირო.

აშშ-ში მიწის 35 პროცენტს საძოვრები იკავებს, ეს დაახლოებით 2 646 644 კილომეტრია, რომლის გამოთავისუფლებაც ლაბორატორიაში გაზრდილ ხორცზე გადასვლით შეიძლება.

თუმცა, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის მთავარი გამოცდა, მისი გემოა. რამდენად განსხვავდება ის გემოთი ტრადიციული მეთოდებით მიღებული ხორცისგან?

მთავარი გამოცდა

ფოტო: Tasting Table

2013 წელს გაკეთებული ბურგერი, სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა მშრალი იყო. ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელმაც "ხელოვნური" ბურგერი გასინჯა, მის გემო ასე დაახასიათა: "ეს ცხოველური ცილების შემცველ ნამცხვარს ჰგავს". თუმცა, ეს ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის გარდაუვალი მახასიათებელი არ არის, ეს უფრო იმაზე მიუთითებდა, რომ ჩვენი ტექნოლოგია საკმარისად დახვეწილი არ იყო.

მას შემდეგ, ხორცის გაზრდის ტექნიკა დაიხვეწა და გაუმჯობესდა მისი გემოც. ამჟამად, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის ყიდვა უკვე ადვილად შეიძლება. ისეთ კომპანიები, როგორებიც არის Mosa Meats და Memphis Meats ლაბორატორიაში გაზრდილ ხორცს უკვე ყიდიან. Memphis Meats ბილ გეიტსის ფინანსური მხარდაჭერით არის დაარსებული.

მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი გემოთი ნამდვილისგან არ განსხვავდება, ადამიანების ნაწილი მას ალტერნატივად მაინც არ მიიჩნევს.

"უჯრედებიდან გაზრდილი ხორცი ბუნებრივი არ არის, უამრავი მიზეზი არსებობს, რატომაც ამ გზით მიღებული ხორცი ბუნებრივად ვერ ჩაითვლება. ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი საზიზღარია", - აცხადებს ერთ-ერთი ადამიანი Engadget-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სიმართლე რომ ვთქვათ, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი ნაწილობრივ მართლაც აჩენს ისეთ წარმოდგენებს, როგორიც არის, მაგალითად, ლაბორატორიაში არსებულ დიდ კონტეინერებში ჩასხმული ხორცის მსგავსი მასა, რომელიც ბუყბუყებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკურად, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი ნამდვილისგან არაფრით განსხვავდება.

თანაც, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ უამრავი ცხოველის დახოცვა და მათგან ხორცის მიღება ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი - ფერმები სავსეა ბაქტერიებითა და პათოგენებით, რომლებთანაც საბრძოლველად ფერმერები უსაზღვროდ დიდი რაოდენობით იყენებენ ანტიბიოტიკებს. სტერილურ ლაბორატორიებში, ასეთი საფრთხეები არ არსებობს.

როგორ მუშაობს ხელოვნური ბურგერი?

იმის გაგებამ, თუ სინამდვილეში როგორ იქმნება ხელოვნურად გაზრდილი ხორცი, შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი მის მიმართ დადებითად განაწყოს. ლაბორატორიაში ხორცის გაზრდა ცოცხალი ძროხისგან აღებული უჯრედებით იწყება, რაც ნიშნავს, რომ მიღებული პროდუქტი არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივია. ყველაფერი ძროხის ღეროვანი უჯრედებით იწყება. ღეროვანი უჯრედები ორგანიზმში სხვადასხვა ქსოვილებად ყალიბდებიან. ხორცის გაზრდაზე მომუშავე ლაბორატორიები ძირითადად მიოსატელიტური ღეროვან უჯრედებს იყენებენ, ეს ის უჯრედებია, რომლებიც საბოლოოდ კუნთებში არსებულ ქსოვილებად ყალიბდება.

შემდეგ, აღნიშნული ღეროვანი უჯრედები სპეციალური ცილისა და საკვები ნივთიერებების შემცველ არეში თავსდება, რაც ღეროვან უჯრედებს ბიძგს აძლევს, რომ კუნთის ქსოვილებად ჩამოყალიბდნენ. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე პროცესი ხდება ძროხაშიც, თუმცა, ამ შემთხვევაში ძროხას ბალახის მირთმევა და საკვები ნივთიერებების გარდაქმნა თავად უწევს. საბოლოოდ, მიღებული უჯრედების ნიმუში გასაზრდელად ისეთივე ბიორეაქტორში თავსდება, როგორშიც იოგურტი და ლუდი მზადდება.

უჯრედების გაზრდის შემდეგ, ხორცი მზად არის და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: მიირთმევთ თუ არა თქვენ მას?