საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისა და დამნაშავის დასჯის მოთხოვნით პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს განუცხადეს.

მათი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის და საქმე დაიხურება. შესაბამისად, შვილების მოთხოვნაა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"ჩვენ მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არამედ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, როგორიც არის ქვეყნის უმაღლესი პირველი პირის მკვლელობა ასევე არ დაექვემდებაროს არანაირ ხანდაზმულობის ვადას", — განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მისივე თქმით, საქმეზე ბრალი უნდა წარედგინოს სპეცრაზმ ალფას მაღალჩინოსანს, რომლის ბრალეულობაც მათივე თქმით, გამოკვეთილია და, რომელიც პროკურატურამ ერთი თვის წინ დაკითხა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა სპეციალურმა კომისიამ. გამსახურდიას ოჯახმა 2014 წელს მიმართა საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით.