გუშინ კევინ სპეისიმ ერთწლიანი დუმილი დაარღვია და საზოგადოებას პირველად მიმართა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში სპეისი House of Cards-ის მთავარ პერსონაჟს, ფრენკ ანდერვუდს განასახიერებს და პარალელურად მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებსაც პასუხობს.

"გაგაოგნეთ ჩემი გულწრფელობით. მთავარი კი ისაა, რომ გამოგიწვიეთ და დაგაფიქრეთ. თქვენც მენდობოდით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, რომ არ ღირდა. ჯერ არაფერი დასრულებულა, იმის მიუხედავად, რას ამბობენ სხვები. გარდა ამისა, მე ვიცი, რაც გინდათ. თქვენ გინდათ, რომ დავბრუნდე", - ამბობს ვიდეომიმართვაში სპეისი.

იმავე დღეს კი სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულმა მსახიობმა სასამართლოს განკარგულება მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ მისი საქმის პირველი მოსმენა 2019 წლის 7 იანვარს არის ჩანიშნული.

პროცესი მასაჩუსეტსის შტატში, ნანტუკეტის სასამართლოში შედგება და განიხილება სწორედ ის დანაშაული, რომელშიც ოსკაროსან სპეისის ადგილობრივი მკვიდრი ადანაშაულებს.

აღნიშნული საქმეში ერთ-ერთი მოწმე ჟურნალისტი ჰეზერ უნდოა, რომელიც მსახიობს მის შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბიჭი ამ დროს 18 წლის იყო. ინციდენტი კი ნანტუკეტის ერთ-ერთ ბარში მოხდა.

"მან ჩემი შვილი წვეულებაზე დაპატიჟა, მაგრამ ამის ნაცვლად ბარში წაიყვანა, სადაც სასმელი უყიდა, შემდეგ კი შარვალში ხელი ჩაყო და მის გენეტალიებს ეხებოდა. გრცხვენოდეთ იმისთვის, რაც ჩემს შვილს გაუკეთეთ, ეს კრიმინალია", - ამბობს ჟურნალისტი.

სწორედ შვიდ იანვარს გადაწყდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და როგორ კვალიფიკაციას მიიღებს სპეისის საქმე.

ამ ეტაპზე უცნობია, უნდა ველოდოთ თუ არა მსახიობისგან მორიგ ვიდეოსაც.

შეგახსენებთ, რომ პირველი, ვინც სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ენტონი რეპი იყო. მსახიობის თქმით, ეს შემთხვევა 1986 წელს მოხდა, როცა ის 14, ხოლო კევინ სპეისი კი 26 წლის იყო.