ალბა ერთადერთი ალბინოსი ორანგუტანია, რომლის არსებობის შესახებაც ჩვენ ვიცით. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ადამიანებთან ერთად გაატარა, ახლა კი მეცნიერებმა ის ბორნეოს ჯუნგლებში დააბრუნეს.

ალბა ბუკიტ-ბაკა-ბუკიტ-რაიის ეროვნულ პარკში 19 დეკემბერს გაუშვეს, დაახლოებით 20 თვის წინ ის ცენტრალური კალიმანტანის ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის სააგენტოსა და ბორნეოს ორანგუტანთა გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებმა ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს.

"როდესაც ალბა ვიპოვეთ, ის ხუთი წლის იყო. მას პარაზიტები, სტრესი და გაუწყლოება აწუხებდა, საკვებს კი მხოლოდ მცირე რაოდენობით იღებდა. საბედნიეროდ, ჩვენმა ვეტერინარებმა შეძლეს, რომ ალბა გამოეჯანმრთელებინათ და ის ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს, ის ძალიან სოციალური და აქტიურია", - ნათქვამია განცხადებაში.

როდესაც ექსპერტების გუნდი ალბაზე ზრუნავდა, ის ორგანიზაციის მიერ გადარჩენილ კიდევ ერთ ორანგუტანს, კიკას დაუმეგობრდა. კიკამ და ალბამ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებაში გაატარეს, ამიტომ მათ ველური ორანგუტანებისთვის დამახასიათებელი ქცევები ჰქონდათ, ისინი ადამიანების მიმართაც უარყოფითად იყვნენ განწყობილნი.

ალბა სარეაბილიტაციო ცენტრში, სხვა ორანგუტანებთან შედარებით, უფრო დიდ ხანს გააჩერეს, რათა მისი ბუნებაში გადარჩენის შანსი მაქსიმალურად გაეზარდათ. ალბინიზმი დაქვეითებულ მხედველობასა და სმენას იწვევს, ალბინოსებს უფრო ხშირად უვითარდებათ კანის კიბოც, ეს ფაქტორები ალბას ბუნებაში მომატებული საფრთხის ქვეშ აყენებს.

ექსპერტებისთვის ალბას ბუნებაში დაბრუნება რთული გადაწყვეტილება იყო. მისი უჩვეულო შესახედაობის გამო სავარაუდო იყო, რომ სხვა ორანგუტანები მას არ მიიღებდნენ. სხვა მაიმუნებთან შედარებით ორანგუტანები დროის დიდ ნაწილს მარტო ატარებენ, თუმცა მდედრები ხშირად ნათესავებთან ახლოს ცხოვრობენ და მათ მეზობლად არსებულ ორანგუტანებთან გარკვეულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

"ალბას კომპლექსები არ აწუხებს, ის საკუთარ თავში მტკიცედ არის დარწმუნებული. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე მას ისევ ადამიანებისგან ემუქრება. განსაკუთრებული შესახედაობის გამო ის შეიძლება ბრაკონიერების მსხვერპლად იქცეს", - აცხადებს ვეტერინარი აგუს ფატონი.

18 დეკემბერს ვეტერინარებმა ალბასა და კიკას ტყეში დაბრუნების ოპერაცია დაიწყეს. 16-საათიანი მგზავრობის შემდეგ ისინი დანიშნულების ადგილზე მივიდნენ, გალიის კარები გახსნეს და ორანგუტანები ტყეში გაუშვეს.

შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში მეცნიერები ალბასა და კიკას დააკვირდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ ბუნებაში მათი ადაპტაცია წარმატებით მიმდინარეობს.