თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიების დაწყება მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ ბანკზე კონტროლის მოპოვების სურვილია. პარტიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მცდელობაა იერიში მიიტანონ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტზე.

"კონტროლის გავრცელება ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბანკზე, რომლის წილი ქვეყნის ეკონომიკაში სოლიდურია და რომლის კლიენტებსაც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესორგანიზაციების მოზრდილი ნაწილი, ნიშნავს, ირიბად მაინც, ამგვარი კონტროლის გავრცელებას ეკონომიკისა და მოსახლეობის შესაბამის ნაწილზეც", — აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ამ საქმესთან TV პირველის (რომლის რეიტინგიც მუდმივად იზრდება) დამფუძნებლის შესაძლო კავშირმა არხი იერიშის მიტანის ობიექტად შეიძლება აქციოს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ პროექტი, რომელსაც თიბისი ახორციელებს შესაძლოა მიმდინარე მოვლენების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამ პროექტის განუხორიცილებლად დატოვება მხოლოდ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებში შეიძლება იყოს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

"2008 წლის აპრილში და მაისში, შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი M-მა, თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც თიბისი ბანკმა საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს", — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს, 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას" უწოდებს.