საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცილისწამების შესახებ კანონის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საკითხს ხშირად აპირისპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან, თუმცა თავად ასე არ ფიქრობს.

"პრეზიდენტებს არ გააჩნიათ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება, მორალური ინიციატივა, რომელიმე თემა აწიოს და ამ თემაზე მიმართოს საკანონმდებლო ორგანოებს. სიტყვის თავისუფლება და ცილისწამება არის მოყვანილი დაპირისპირებაში, თუმცა ქვეყნებმა გადაჭრეს ეს პრობლემა", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე.

მისი თქმით, ქვეყნებმა გამოსავალი იპოვეს, მათ შორის საფრანგეთმაც და საკონსტიტუციომაც დაადასტურა, რომ ეს არ ეწინააღმდეგებოდა სიტყვის თავისუფლება.

“მაგალითად, ბოლო ასეთი შემთხვევა იყო საფრანგეთში, როცა მიიღეს კანონი ცილისწამებაზე საარჩევნო პერიოდში და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადგინა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც ადამიანის უფლებების დეკლარაციასთან. ჩვენ არ გვაქვს მზა ტექსტი და ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის ამ დისკუსიის წამოსაწყებად”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცილისწამების პრობლემაზე პირველად ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში გაამახვილა. ზურაბიშვილის შემდეგ ამ საკითხზე საჯაროდ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ისაუბრა. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ ხშირად სიტყვის თავისუფლებით "ბოროტად სარგებლობენ". მისი თქმით, "დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს".

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სიტყვით ძალადობა სერიოზული პრობლემაა" და აუცილებელია "შესაბამისი ზომების მიღება".

ცილისწამება დასჯადი ქმედება 2004 წლის შემდეგ აღარაა, ანუ მას შემდეგ, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.