საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ნაცვლად კერძო ფონდს შექმნის, სადაც თავის ხელფასს გადარიცხავს. ის მოუწოდებს საზოგადოებას შეუერთდნენ ამ ფონდს და გაიღონ თანხა, რომელიც მისივე თქმით, "მნიშვნელოვან" საქმეებს მოხმარდება.

"მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც, პირველ რიგში, მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს, რამეთუ, მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის შეგროვებით პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა. 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, სადაც სარეზერვო ფონდის 5-მილიონიანი ბიუჯეტი გამქრალია.

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდა. ასევე 80 კაცითაა შემცირებული მომუშავე პირთა რიცხვი და მათი რაოდენობა 140-ის ნაცვლად 60-ით განისაზღვრა. შესაბამისად, განახევრებულია შრომის ანაზღაურების ჯამიც. ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში 30 ნოემბერს, არჩევნებიდან 2 დღეში შევიდა, ხოლო 13 დეკემბერს დაამტკიცეს.