დღეს თუ გავიგებთ, რომ დედამიწასთან შესაჯახებლად ასტეროიდი მოემართება, ჩვენ პრაქტიკულად ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ. კაცობრიობას კვლავ არ აქვს მეთოდი, რომლითაც ასტეროიდის შეჯახების თავიდან აცილება შეიძლება.

თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება მალე შეიცვალოს. NASA-ს ერთ-ერთი ხომალდი, სახელად DART (Double Asteroid Redirection Test) 2022 წლის ოქტომბერში პატარა ასტეროიდს შეეჯახება, მისიის მიზანი ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლაა.

DART-ის სამიზნე ასტეროიდი Didymoon-ია. ეს 150 მეტრის სიმაღლის კოსმოსური ქვაა, რომელიც მეორე, უფრო დიდი ასტეროიდის, Didymos-ის გარშემო ბრუნავს.

ხომალდი იონური ძრავით იქნება აღჭურვილი, რომლის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამომუშავება მზის ელემენტების საშუალებით მოხდება.

"აღნიშნული პროექტი NASA-სთვის ამ ტიპის პირველი მისიაა. მისი საშუალებით ე.წ. კინეტიკური შეჯახების მეთოდის დემონსტრაცია მოხდება - ეს მეთოდი ასტეროიდთან დიდი ძალით შეჯახებასა და მისი ტრაექტორიის შეცვლას ითვლისწინებს", - აცხადებს NASA-ს პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი ლინდლი ჯონსონი.

ხომალდის წონა დაახლოებით 500 კილოგრამია, ის ასტეროიდს წამში ექვსი კილომეტრის სიჩქარით დაეჯახება, შეჯახება კი Didimoon-ს წამში 0,4 მილიმეტრით ააჩქარებს, რაც შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მთავარია, რომ ამ ცვლილების დაფიქსირება დედამიწიდან ტელესკოპების საშუალებით შესაძლებელი იქნება.

"DART-ის მისია პლანეტარულ თავდაცვაში კრიტიკული მნიშვნელობისაა. DART-ით მოვახდენთ იმ მეთოდის დემონსტრაციას, რომლის საშუალებითაც მომავალში ასტეროიდების ტრაექტორიების შეცვლას შევძლებთ", - აცხადებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერი და DART-ის მისიის თანახელმძღვანელი ენდი ჩენგი.

NASA-ს მიერ გავრცელებულ ანიმაციაში ჩანს, თუ როგორ შეეჯახება ხომალდი ასტეროიდს.

ხომალდის გაშვება 2021 წლის ივნისშია დაგეგმილი, შეჯახება კი 2022 წლის ოქტომბერში უნდა მოხდეს.

ასტეროიდების ამ სისტემას DART-ის შემდეგ ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდი HERA ეწვევა, რომელიც შეჯახების შედეგად ასტეროიდზე გაჩენილ კრატერს და სისტემის სხვა მახასიათებლებს შეისწავლის.

DART-თან ერთად ასტეროიდისაკენ შეიძლება პატარა CubeSat-ებიც გაემართონ, რომლებიც ხომალდის შეჯახებას დააკვირდებიან.

"აღნიშნული მისია ხალხში აღტაცებას იწვევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასტეროიდების აცილების ასეთ მეთოდს თავისი შეზღუდვა აქვს. იმისათვის, რომ მსგავსმა მეთოდმა რეალურად იმუშაოს, საჭიროა, რომ დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის ტრაექტორიის ცვლილება დედამიწასთან შეჯახების თარიღამდე 5, 10, 15 ან 20 წლით ადრე მოხდეს", - აცხადებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი ნენსი ჩაბო.