ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ, პარაგვაიმ და ბოლივიამ ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარეს. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშებზე დაპოსტეს ან საჯარო შეხვედრებზე გაავრცელეს.

სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები განცხადებებით გმობენ ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დიქტატორულ რეჟიმს და მხარდაჭერას უცხადებენ "ხალხის რჩეულს" ხუან გუაიდოს.

ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარისა და ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს პრეზიდენტად აღიარების გამო ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ამერიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებას წყვეტს. The Washington Post-ის ინფორმაციით, მადურომ 72 საათი მისცა ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად.

დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. სპეციალურ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი ახლა გუაიდოა და არა ნიკოლას მადურო.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, ვენესუელა ფართო საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა. მოსახლეობა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვს. კარაკასში გამართულ მიტინგზე გუაიდომ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდომ აღნიშნა, რომ ხელისუფლების უზურპაციის დასასრულებლად და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პრეზიდენტის მოვალეობებს გარდამავალ პერიოდში თავად შეასრულებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სულ 4 ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტების ახალი ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტრომ შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საპროტესტო მოძრაობას სათავეში, სწორედ ხუან გუაიდო ჩაუდგა, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა მის მხარდამჭერებს ებრძოლად ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს 1 300 000%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა. მადუროს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაც.

ამავე თემაზე: