რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასახმარებლად რუსი დაქირავებული სამხედროები გაემგზავრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერფაქსი ავრცელებს.

კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო დაჯგუფება ჩვკ ვაგნერის სამხედროების ვენესუელაში გამგზავრების შესახებ Reuters-მა ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, დაქირავებული რუსი მებრძოლები ვენესუელაში კუბის გავლით ჩავიდნენ. ორი ჩარტერული რეისით ისინი ჰავანამდე ჩაფრინდნენ, ჰავანადან კარაკასამდე კი კომერციული რეისით გადავიდნენ.

ჩვკ ვაგნერი რუსეთში მოქმედი კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც ძირითადად რუსეთის არმიის ვეტერანებისგან შედგება. ვაგნერის მეომრები უკრაინასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტებში აქტიურად მონაწილეობდნენ. სირიაში ამერიკელ სამხედროებთან შეტაკებას ვაგნერის 200-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ემსხვერპლა.

ვენესუელის კრიზისი

ვენესუელა ფართო საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა. მოსახლეობა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვს.

23 იანვარს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. ოპოზიციის ლიდერი დაპირდა ხალხს, რომ დაასრულებს ძალაუფლების უზურპაციას, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს.

პროტესტების ახალი ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტრომ შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოძრაობას სათავეში, სწორედ ხუან გუაიდო ჩაუდგა, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა მის მხარდამჭერებს ებრძოლათ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო პირველად აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. სპეციალურ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი ახლა გუაიდოა და არა ნიკოლას მადურო.

სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. პენსმა ნიკოლას მადურო დიქტატორად მოიხსენია და ვენესუელის მოსახლეობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შტატების შემდეგ მსგავსი განცხადება გაავრცელეს კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ, პარაგვაიმ, ბოლივიამ, ეკვადრომა, პანამამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, კოსტა-რიკამ და საქართველომ.

მადუროს მხარდაჭერა თურქეთმა, რუსეთმა, კუბამ, ბოლივიამ, მექსიკამ და ჩინეთმა გამოუცხადეს. მადურო ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებმა.

26 იანვარს ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ნიკოლას მადუროს არჩვენების დანიშვნისთვის რვადღიან ვადა მისცეს — წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციურ მთავრობას ოფიციალურად აღიარებენ. მადურომ ულტიმატუს უპასუხა და განაცხადა, რომ არჩევნების დანიშვნას არ აპირებს.

ამავე თემაზე: