ბრიტანელი პედიატრების მიერ გავრცელებული ონლაინ-ჟურნალის მიხედვით, არასაკმარისი მტკიცებულება არსებობს იმ გავრცელებულ მოსაზრების დასადასტურებლად, რომ, ბავშვების ეკრანთან დიდი ხნით ყოფნა საზიანოა.

სახელმძღვანელო, რომელშიც ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით რეკომენდაციებია წარმოდგენილი, დიდ ბრიტანეთში მდებარე პედიატრიის და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯმა (RCPCH) გამოსცა.

მისი მიხედვით, შეუძლებელია კონკრეტული რეკომენდაციის გაცემა, თუ რომელი ასაკისთვის ეკრანთან გატარების რა დროა მიზანშეწონილი, თუმცა სახელმძღვანელო მშობლებს ურჩევს, რომ დაწოლამდე ერთი საათით ადრე, ბავშვები სმარტფონებისა და ტელევიზორების ეკრანებს მოარიდონ, რათა მათ უფრო უსაფრთხოდ და მშვიდად ეძინოთ.

ხაზგასმულია ისეთი პოზიტიური აქტივობების მნიშვნელობა, როგორიცაა თანატოლებთან ურთიერთობა, ვარჯიში და დროული ძილი. ბავშვის კეთილდღეობა მაშინ დგება რისკის ქვეშ, თუ ეს ღირებულებები ეკრანთან გატარებული დროის გამო ვერ სრულდება.

ტექნოლოგიების ჭარბი მოხმარების უარყოფითი მხარედ სახელდებოდა სასკოლო დავალებების უგულებელყოფა. ის ასევე დაკავშირებული იყო წონის მატებასთან, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან და გულის დაავადებებთან. თუმცა, ბოლო ცნობების მიხედვით, ამ ტოქსიკურ ეფექტზე საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

ფოტო: Getty Images

RCPCH-ის პრეზიდენტს, რუსელ ვინერს, სურს მშობლებმა გაიაზრონ, რომ ეკრანები მათი შვილების ცხოვრებიდან ვეღარ გაქრება, რადგან ტექნოლოგიები თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია:

"ჩვენ ჯინს ბოთლში ვეღარ დავაბრუნებთ. არსებობს ეკრანთან გატარებულ დროის ნეგატიური ასოციაციები არამდგრად ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, უძილობასთან თუ ფიზიკური აქტივობის სიმცირესთან, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირია, ან სხვა ფაქტორები ხომ არ იწვევენ ამ პრობლემებს".

ონლაინ ჟურნალი ხაზს უსვამს იმას, რომ ასევე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ეკრანთან გატარებული დროის სარგებლიანობაზე და აღნიშნავს, რომ მეტი კვლევის ჩატარებაა აუცილებელი კონკრეტულად სოციალური მედიების გავლენაზე.

2016 წელს, პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ (AAP) ბავშვის ასაკის მიხედვით ეკრანთან გატარებული დროის რეკომენდირებული დრო დაასახელა. მისი მიხედვით, წლინახევრის ასაკის და უფრო პატარებისთვის ციფრულ სამყარო მთლიანად მიუღებელია, ხოლო 2-დან 5 წლამდე ბავშვებს დღეში 1 საათის გატარება უნდა შეეძლოთ ეკრანთან. 6 წელს ზემოთ, მშობლებმა უნდა გააკონტროლონ დღეში რა დროს უთმობს ბავშვი ეკრანს და ასევე უნდა მიაქციოს ყურადღება, რა ინფორმაციაზე აქვს მას წვდომა ინტერნეტში.