ისრაელელი მეცნიერების პატარა გუნდი აცხადებს, რომ ისინი ერთ წელიწადში კიბოს განკურნებას შეძლებენ, აღნიშნული სიახლე პირველად ორშაბათს The Jerusalem Post-ში გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი მეთოდი მარტივი და იაფი იქნება, ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.

"ჩვენ გვჯერა, რომ ერთ წელიწადში კიბოს წამალი გვექნება", - აცხადებს კომპანია AEBi-ის თავმჯდომარე დენ არიდორი. Accelerated Evolution Biotechnologies (AEBi) ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამკურნალო პეპტიდების შექმნითა და წარმოებით არის დაკავებული. კომპანიის შექმნილია პლატფორმა SoAP, ეს სკრინინგის ტექნოლოგიაა, რომელიც ბიოლოგიური "გასაღებების" - აგონისტების, ანტაგონისტების, ინჰიბიტორებისა და სხვა მსგავსი ფუნქციური მოლეკულების შესაქმნელად გამოიყენება, რომელთა სამიზნეც სხვადასხვა რთული სტრუქტურები, ამ შემთხვევაში კი კიბოს უჯრედებია.

მეცნიერთა ნაწილმა აღნიშნული განცხადების მიმართ სკეპტიციზმი გამოხატა. მედიცინის დოქტორი და კიბოს ამერიკული საზოგადოების მთავარი სამედიცინო ოფიცერი ლენ ლიხტენფილდი აცხადებს, რომ ამ საკითხზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო.

"რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს სურს, რომ აღნიშნული სიახლე სიმართლე იყოს, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან კიბოს მკურნალობის ეფექტიანი მეთოდის შექმნამდე ძალიან დიდი მანძილია, კიბოს საბოლოო განკურნებაზე კი ჯერჯერობით საუბარიც ზედმეტია", - აცხადებს ის.

ლიხტენფილდმა ჩამოთვალა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ საინფორმაციო საშუალებები:

  • კიბოს შესახებ აღნიშნული სიახლე იმ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციაზეა დაფუძნებული, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ჩართულმა მეცნიერებმა და მათმა ხელმძღვანელმა კომპანიამ გაავრცელა. ამ სტატიაში ნახსენები კონკრეტული კვლევის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნება ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად მისი განხილვისა და გადამოწმების შანსი სამეცნიერო საზოგადოებას არ ჰქონია.
  • კიბოს ამერიკული საზოგადოების წევრების თქმით, ფაგ-დისპლეის ტექნოლოგია სხვადასხვა მაღალსპეციფიკური ბიოლოგიური "გასაღებების" დამზადების ძალიან ეფექტიანი და ძლიერი მეთოდია, თუმცა ამ ტექნოლოგიის სამკურნალო კუთხით გამოყენება რთულია. თუ კვლევის ავტორები კლინიკურ ცდებს მხოლოდ ახლა იწყებენ, მათ წინ გრძელი გზა ელოდებათ.
  • აღნიშნული კვლევა თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტზეა დაფუძნებული, თუმცა მისი დეტალები უცნობია. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არ არსებობს ექსპერიმენტების წინასწარ გამზადებული გეგმა, რომლითაც აღნიშნული მეთოდი კლინიკურად გადამოწმდება.
  • კიბოს განკურნების სურვილი ყველა ჩვენგანშია და გამორიცხული არ არის, რომ ამ ახალმა მიდგომამ მართლაც გაამართლოს. მაგრამ, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვქვათ, რომ ლაბორატორიაში თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან ნამდვილი პაციენტების მკურნალობამდე წარმოუდგენლად დიდი მანძილია, ეს ძალიან გრძელი გზაა, რომელზეც თავს უამრავი დაბრკოლება იჩენს ხოლმე.
  • დიდი ალბათობით ამ ახალი მეთოდის გადამოწმებასა და იმის გარკვევას, მართლაც არის თუ არა ის ეფექტიანი კიბოს წინააღმდეგ, დიდი დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, მსგავსი დაპირებები ჩვენ წარსულშიც გვსმენია, ხოლო ეს დაპირებები, როგორც წესი, არ ამართლებს ხოლმე. სამწუხაროდ, დიდი ალბათობაა, რომ აღნიშნული სიახლეც მხოლოდ და მხოლოდ დაპირებად დარჩეს.

"ჩვენ მუდმივად გვაქვს იმის იმედი, რომ ახალი გარღვევებითა და აღმოჩენებით კიბოს დიაგნოზირებისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს მივიღებთ. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ კვლევაში აღნიშნული მეთოდი მართლაც ეფექტიანი იქნება. ამავდროულად კი ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ თაგვზე ჩატარებული ექსპერიმენტების ადამიანებზე გადატანა ხანგრძლივი, რთული და დაბრკოლებებით სავსე პროცესია", - აცხადებს ლიხტენფილდი.

მეცნიერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია მრავალსამიზნიან ტოქსინზე, რომელსაც მეცნიერები MuTaTo-ს უწოდებენ. მათი თქმით წამალი შეგვიძლია ანტიბიოტიკს შევადაროთ.

მეთოდი, რომელზეც ამჟამად კომპანია AEBi მუშაობს, პეპტიდების კომბინაციასა და სპეციალურ ტოქსინს გამოიყენებს, რომელიც ორგანიზმში კონკრეტულად კიბოს უჯრედებს გაანადგურებს.

The Jerusalem Post-ის მიხედვით, კიბოს წამალი AEBi-ს SoAP პლატფორმაზეა დაფუძნებული, რომელიც ფაგ-დისპლეის ტექნოლოგიას მიეკუთვნება. მისი საშუალებით "მეცნიერებს ბაქტერიოფაგებში სპეციალური ცილის მაკოდირებელი დნმ შეჰყავთ, რის შედეგადაც ბატქერიოფაგების ზედაპირზე აღნიშნული ცილა ექსპრესირდება. მეცნიერებს ამის გამოყენებით შეუძლიათ დაადგინონ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ აღნიშნული ცილები სხვა მოლეკულებთან, ცილებთან და დნმ-ის ფრაგმენტებთან."

გასულ წელს ფაგ-დისპლეის ტექნოლოგიის გამოყენებით ახალი, სამკურნალო ანტისხეულების მიღებისთვის მეცნიერთა ერთ-ერთმა გუნდმა ნობელის პრემიაც მიიღო.

"AEBi-ის მიდგომა მსგავსია, თუმცა კომპანია ანტისხეულების ნაცვლად პეპტიდებს იყენებს, ეს ორი ან რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული ამინომჟავისგან შემდგარი მოლეკულაა"

კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ილან მორადის თქმით, პეპტიდებს ანტისხეულებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს, ისინი უფრო პატარაა და მათი დამზადებაც უფრო იაფი და მარტივია.

Science Direct-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით, სამკურნალო პეპტიდები მედიცინაში მნიშვნელოვან როლს ჯერ კიდევ 1920 წლიდან, ინსულინის თერაპიის დამკვიდრებიდან ასრულებენ.

"ამჟამად აშშ-სა და კიდევ რამდენიმე მსხვილი ქვეყნის ბაზარზე პეპტიდებზე დაფუძნებული 60 მედიკამენტის მოხმარებაა ნებადართული, ასეთი მედიკამენტების შექმნა და განვითარება კი სტაბილურად მიმდინარეობს", - ნათქვამია სტატიაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, 2018 წელს კიბოს 18,1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9,6 მილიონი ადამიანი კი ამ დაავადებამ შეიწირა. მსოფლიოში ყოველი მე-6 სიკვდილი კიბოთია გამოწვეული, რის გამოც კიბო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ სიკვდილის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია.

მორადის თქმით, თავდაპირველად AEBi სხვა კომპანიების მსგავსად სპეციფიური სიმსივნეების საწინააღმდეგო პეპტიდების შექმნას ცდილობა. შემდეგ კი მორადმა კოლეგებთან ერთად გადაწყვიტა, რომ გაერკვიათ თუ რატომ არ მუშაობდა ამ ტიპის ანტისიმსივნური მედიკამენტები.

მორადის თქმით ანტისიმსივნური მედიკამენტების უმეტესობა კიბოს უჯრედებზე არსებულ სპეციფიურ სამიზნეებს უტევს.

"ამ სამიზნეებზე შეტევა, როგორც წესი, სიმსივნის წარმომშობ მეტაბოლურ გზებს აფერხებს. მაგრამ ამ სამიზნეებში მომხდარ მუტაციებს კშეუძლიათ, რომ მედიკამენტი უსარგებლო გახადონ", - განაცხადა მორადმა The Jerusalem Post-თან ინტერვიუში

"ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, MuTaTo კიბოს უჯრედზე ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სამიზნეს უტევს. თუ ერთდროულად მინიმუმ სამ სამიზნეს შევუტევთ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მუტაციები მედიკამენტის ეფექტიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. სიმსივნის უჯრედებს აქვთ უნარი, მოიშორონ ესა თუ ის სამიზნე რეცეპტორი. თუმცა, სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა რეცეპტორზე შეტევისას, ისეთი მუტაციის ალბათობა, რომელიც ერთდროულად სამივე სამიზნე რეცეპტორს გააქრობს, რადიკალურად იკლებს", - აცხადებს მორადი.

მორადის თქმით, კიბოს უჯრედები მედიკამენტების თავდასხმის დროს დეტოქსიფიკაციის მექანიზმებს ააქტიურებენ, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებში არსებულ მედიკამენტებს (ამ შემთხვევაში, ტოქსინს) უჯრედებიდან გარეთ ტუმბავენ, ან მათ უბრალოდ ანეიტრალებენ. მორადის თქმით, დეტოქსიფიკაციის პროცესის დაწყებას დრო სჭირდება, მისი ჯგუფი კი ისეთ ტოქსინს ქმნის, რომელიც უჯრედს მანამდე მოკლავს, სანამ ის მის განეიტრალებას შეძლებს.

"ციტოტოქსიური ანტისიმსივნური მკურნალობის მეთოდების ძირითადი სამიზნე სწრაფად მზარდი კიბოს უჯრედებია ხოლმე. სიმსივნის ღეროვანი უჯრედები კი სწრაფად არ იზრდებიან და მათ აქვთ უნარი, რომ აღნიშნულ მედიკამენტებს დაუსხლტდნენ. მკურნალობის დასრულების შემდეგ კიბოს ყველა უჯრედი არ იღუპება და სიმსივნის დარჩენილი ღეროვანი უჯრედები თავიდან მრავლდებიან, ოღონდ ამჯერად ისინი მკურნალობას უკვე აღარ ექვემდებარებიან ხოლმე", - ნათქვამია The Jerusalem Post-ში.

MuTaTo-ს მრავალსამიზნიანი შეტევის მიდგომის წყალობით სიმსივნის უჯრედებთან ერთად კიბოს ღეროვანი უჯრედებიც ნადგურდება.

სიმსივნის ზოგიერთ უჯრედს აქვს უნარი, რომ დიდი მოლეკულების საწინააღმდეგოდ ერთგვარი ფარი აღმართოს, რომელიც მათ უჯრედში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.

"MuTaTo-ს კი თავისი პატარა ზომის გამო ასეთ უჯრედებში შეღწევა მაინც შეუძლია. MuTaTo-ში არსებული პეპტიდები ძალიან მცირე ზომისაა (ისინი მხოლოდ 12 ამინომჟავას შეიცავენ), მთლიანი მოლეკულა კი ძალიან დრეკადია, სიმსივნის უჯრედებისათვის ასეთი მოლეკულის თავიდან მოშორება ძალიან რთული იქნება", - აცხადებს ის.

მორადის თქმით, AEBi-ს მიერ შემუშავებული მეთოდი გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს, რადგან აღნიშნული პეპტიდები მხოლოდ და მხოლოდ კიბოს უჯრედებს უტევს.

მორადმა MuTaTo-ს კონცეფცია შიდსისა და აივ-ინფექციის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს შეადარა, რომლისთვისაც სამი სხვადასხვა მედიკამენტის შემცველი "კოქტეილი" გამოიყენება. აივ-ინფექციის ქონა სასიკვდილო განაჩენი აღარ არის, ინფექციის მქონე ადამიანები დაავადების გადამტანები არიან, მაგრამ მათ სიმპტომები აღარ აქვთ.

ამჟამად, აივ-ინფექციის მქონე პაციენტები პროტეაზის ინჰიბიტორებთან ერთად ორ სხვა მედიკამენტს - შექცევად ტრანსკრიპტაზებს იღებენ. აღნიშნული სამი მედიკამენტის ერთდროულად მიღებისას კი აივ-ინფექციის დათრგუნვა ხდება.

მორადის თქმით, MuTaTo-ს მეთოდი საბოლოოდ თითოეულ პაციენტზე პერსონალურად იქნება მორგებული. დაავადების აღმოჩენის შემდეგ მოხდება სიმსივნის ბიოფსია და იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი რეცეპტორებია (სამიზნეები) გამოხატული სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე, შემდეგ კი პაციენტში ამ რეცეპტორების საწინააღმდეგო პეპტიდების "კოქტეილის" შეყვანა მოხდება.

თუმცა, შიდსისა და აივ-ინფექციისგან განსხვავებით, რომლის მქონე ადამიანებსაც ანტივირუსული კოქტეილების მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ, MuTaTo სიმსივნის უჯრედებს გაანადგურებს, პაციენტს კი რამდენიმე კვირის შემდეგ მედიკამენტების მიღება აღარ დასჭირდება.

არიდორის თქმით, AEBi ამჟამად პატენტების წერის პროცესშია, რომლის შედეგადაც სამკურნალო პეპტიდების დიდ სიას მივიღებთ.

კომპანიამ თაგვებზე ექსპერიმენტები უკვე ჩაატარა, რომლის დროსაც "თაგვებში ჩანერგილი ადამიანის კიბოს უჯრედების ზრდის ინჰიბირება წარმატებით მოხდა".

შემდეგ ეტაპზე AEBi კლინიკურ ცდებს დაიწყებს, რომელიც რამდენიმე წელიწადი გაგრძელდება. კლინიკური ცდების დროს მკურნალობის ახალი მეთოდი ხელმისაწვდომი სპეციფიკური პაციენტებისთვის იქნება.

"ჩვენი მიღებული შედეგები სტაბილური და განმეორებადია", - აცხადებს არიდორი.

31 იანვარი: სტატია განახლდა წყაროში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.