ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ბრიტანეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს.

"ვენესუელის მოსახლეობა უკეთეს მომავალს იმსახურებს, ისინი უკვე საკმარისად დაიტანჯნენ და მადუროს რეჟიმი უნდა დასრულდეს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დრო მოვიდა", განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის წარმომადგენელმა.

გუაიდოს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთი, ავსტრიის, პორტუგალიისა და დანიის ლიდერებმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ევროპის ლიდერების განცხადებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა:

"რაღაც გადაწყვეტილებების თავსმოხვევა და ძალაუფლების უზურპაციის ლეგიტიმაცია, ჩვენი აზრით, ვენესუელის შიდა საქმეებში პირდაპირი და ირიბი ჩარევაა".

დღეს, 4 თებერვალს ნიკოლას მადურომ ევროპის ქვეყნების ლიდერების ულტიმატუმი, რვა დღის განმავლობაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა, უარყო. ულტიმატუმს ვადა დღეს გაუვიდა.

სატელევიზიო ინტერვიუში ნიკოლას მადურომ თქვა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS-სთან ისევ აღნიშნა, რომ კრიზისის დასაძლევად სამხედრო ჩარევა ისევ ვარიანტად რჩება. მადურომ გააფრთხილა ტრამპი, რომ ჩარევის შემთხვევაში ვიეტნამის ომის სცენარს გაიმეორებს.

უკვე რამდენიმე კვირაა ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით კარაკასში მრავალათასიანი აქცია ჩატარდა. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. მისივე თქმით, ის დაასრულებს ქვეყანაში ნიკოლას მადუროს დიქტატორულ რეჟიმს, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს.

ამავე თემაზე: