ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოებამ ASC Awards-ს, კინოსამყაროს ყველაზე გამორჩეული ოპერატორების დაჯილდოვების ცერემონიალს წელს უკვე 33-ედ უმასპინძლა.

ნომინანტთა შორის აღმოჩნდა ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძეც ფილმისთვის "ნამე", რომელმაც ნომინაციაში Spotlight Award გაიმარჯვა.

ამავე ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ფილმების Girl და The Rider ოპერატორები.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების წლევანდელ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale.

დაჯილდოვების ცერემონია დღეს, თბილისის დროით დილის 7 საათზე გაიმართა. წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ფილმი "ნამე", საქართველოს სახელით ოსკარზე, უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენადაც იყო გაგზავნილი. თუმცა, საბოლოოდ, ის მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ფილმის ოპერატორი ამ ჯილდოზე წარადგინეს. 2017 წელს ესპანელი ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ფილმისთვის სხვისი სახლი ამ ჯილდოს მფლობელი გახდა.