თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, მამამ არასრულწლოვან შვილს სექსუალური ორიენტაციის გამო უძრავი ქონება წაართვა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს ქონება ბიჭს ბაბუამ ხუთი წლის წინ გადაუფორმა. თანასწორობის მოძრაობამ სარჩელით სასამართლოს მიმართა.

ადვოკატმა, თამარ მჭედლიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ მოსამართლემ ამ ქონებას ყადაღა დაადო. მისი თქმით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

"ჩვენ სარჩელი ახალი წარდგენილი გვაქვს, შუამდგომლობა წარვადგინეთ იმის შესახებ, რომ დაეყადაღებინათ ქონება, რათა საფრთხე არ შექმნოდა განაჩენის აღსრულებას. დიდი შანსია, რომ დაგვიკმაყოფილდება ეს სარჩელი", — ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ქონების წართმევა დაემთხვა იმ დღეს, როცა მამა შვილზე სისტემატურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს.