ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ აქტივისტები თბილისში LGBTQI პრაიდის კვირეულს აანონსებენ. პრაიდი 18-23 ივნისსაა დაგეგმილი.

მათი თქმით, პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება გაიმართება. კვირეულის დასასრულს კი "ღირსების მარშია" დაგეგმილი.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მარშის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური. მათი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში დღეს ქვიარებს არ ეზეიმებათ.

"ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, რადგან გაუსაძლისია ასე ცხოვრება და არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა ღირსებისთვის ბრძოლისა. ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტოს", — აცხადებენ ორგანიზატორები.

თბილისის პრაიდი პირველი საჯარო აქტივობაა 17 მაისის შემდეგ, სადაც LGBTQI აქტივისტები საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოვლენ. 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრასნოფობიასთან ბრძოლის დღე ბოლო შვიდი წელია ძალადობისა და აგრესიის ფონზე აღინიშნება.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ თემის რამდენიმე წევრს თავს დაესხნენ. 2014 წელს კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ბოლო 3 წელია ყოველ 17 მაისს საპატრიარქო მსვლელობებს აწყობს. მას შემდეგ აქტივისტები სხვადასხვა ლოკაციაზე ძირითადად პოლიციის გარემოცვაში, წინასწარ რეგისტრაციით ან პარტიზანულად იკრიბებიან და ამ ფორმით აღნიშნავენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს.

გაიგეთ მეტი: