პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ. კანონპროექტს ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, 17-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტის მიხედვით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერებულიყო. ინიციატივას ხელს აწერდნენ დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი.

დაპირისპირება მმართველ გუნდში

მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. მისი გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ.

თანამდებობის დატოვები მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლეების დანიშვნის საკითხი საზოგადოებისა და არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 5 თებერვალს განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, არ დაუშვებენ სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.

ოცნების დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ თქვეს, რომ პოლიტსაბჭოს განცხადება მათთვის მიუღებელი იყო და ამაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებდნენ. 6 თებერვალს კი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბესელიამ თქვა, რომ დადგა ის მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ეფიქრა. მისი თქმით, რამდენიმე დღე სჭირდებოდა იმის გადასაწყვეტად დატოვებდა თუ არა პარტიას. ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მაგრამ გაჟღერებამდე სურდა დაენახა სად დაშორდა მისი და პარტიის ინტერესები ერთმანეთს.

19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. დღეს, 21 თებერვალს კი კანონპროექტი პარლამენტის კენჭისყრაზე ჩავარდა.