ეკა ბესელია პარტია ქართულ ოცნებას და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა განაცხადა, რომ ის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს პოლიტიკური პლატფორმის შექმნას.

"ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანშვილთან ერთად. რთულია ვთქვა მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა", — განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის რთული, მაგრამ სამართლიანი და სწორი.

გადაწყვეტილება დეპუტატმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მათ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ. კანონპროექტი 45 ხმით, 17-ის წინააღმდეგ ჩავარდა. ამავე მიზეზით, პარტია დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმაც.

კანონპროექტის მიხედვით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერებულიყო. ინიციატივას ხელს აწერდნენ დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი.

კარიერა ქართულ ოცნებაში

ეკა ბესელია ქართული ოცნების ე.წ. ძველი გუნდის წარმომადგენელი იყო. ის პარტიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შეუერთდა. ბესელია პარტიულ სიაში 52-ე იყო და ფოთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და პარლამენტშიც მაჟორიტარის სტატუსით მოხვდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ამ თანამდებობას 2016 წლამდე იკავებდა.

2016 წელს ბესელია პარლამენტში ქართული ოცნების პარტიული სიით მოხვდა. ამჯერად მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2 წლის შემდეგ ბესელიამ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი პარტიასთან დაპირისპირებაზე.

დაპირისპირება მმართველ გუნდში

მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. მისი გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ.

თანამდებობის დატოვები მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. მან თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბესელიამ პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა უმრავლესობამ ფოფხაძე კომიტეტიდან გაიწვია.

ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოემხურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ბესელიას და მის მხარდამჭერ დეპუტატებს პარტიიდან გარიცხავდნენ.

24 იანვარს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლეების საკითხზეც იმსჯელეს. პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ ბესელიამ განაცხადა, რომ პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა, "ეს იყო კარგი შეხვედრა" და ივანიშვილს სწორი პოზიცია ჰქონდა.

რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის ღია განცხადებებს. დეპუტატს არ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ მისი პარტიის წევრები არ იბრძვიან, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გავრცელება "არაფერში სჭირდება" შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

მოგვიანებით ბესელიამ კადრებთან დაკავშირებით თანაგუნდელების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ უხერხულია, როცა ისინი ამბობენ, რომ კადრები არ უნახავთ და ვერ შეაფასებენ. ბესელია ამბობდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებდა.

5 თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა არასამთავრობოებისა და საზოგადოების მხრიდან სასამართლოს კრიტიკის შესახებ. მათი თქმით, არ დაუშვებენ სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.

ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ განაცხადეს, რომ პოლიტსაბჭოს განცხადება მათთვის მიუღებელი იყო და ამაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებდნენ. 6 თებერვალს კი კანონპროექტი დაარეგისტრირეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესაჩერებლად.

უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბესელიამ თქვა, რომ დადგა ის მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ეფიქრა. მისი თქმით, რამდენიმე დღე სჭირდებოდა იმის გადასაწყვეტად დატოვებდა თუ არა პარტიას. ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მაგრამ გაჟღერებამდე სურდა დაენახა სად დაშორდა მისი და პარტიის ინტერესები ერთმანეთს.

19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. დღეს, 21 თებერვალს კი კანონპროექტი პარლამენტის კენჭისყრაზე ჩავარდა.