კოალიციამ გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის პროტესტის ნიშნად დატოვა სამუშაო ჯგუფი, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს განიხილავენ.

კოალიციის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ გაიზიარა კოალიციის მიერ წარდგენილი 5 პრინციპული საკითხიდან არცერთი. მისივე თქმით, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კანდიდატების ნომინირებას ეხება. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე აპირებს დატოვოს კანონპროექტში ჩანაწერი, რომლითაც კანდიდატის ნომინირება საბჭოს წევრების 2/3-ით იქნება შესაძლებელი.

“ჩვენი არგუმენტაცია სრულ თანხვედრაშია იმ მოსაზრებებთან, რომელიც წარდგენილი ჰქონდა ევროკავშირისა და აშშ-ს დიპლომატიურ მისიებს, რომელიც შეთანხმებული იყო პრინციპების დონეზე სხვა მონაწილეებთან, ორი ნაწილი ვინც არ ეთანხმებოდა ამ ცვლილებებს იყო უმრავლესობა ქართული ოცნება და კლანი, რომელთან მეგობრობაშიც შემჩნეულია პარლამენტის თავმჯდომარე და ის ჯგუფი, რომელიც ლობირებს კლანს. ჩვენ რამდენიმე პრინციპული საკითხი გვქონდა დაყენებული და ვერცერთ საკითხზე ვერ მივიღეთ თანხმობა და საბოლოოდ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ ის აპირებს დატოვოს კანონში დებულება, რომელიც კლანის 10 წევრს მისცემს საშუალება ნებისმიერი კანდიდატის ნომინირების, უზენაეს სასამართლოში. ეს არის ფარსი, რომელშიც მონაწილეობას აღარ მივიღებთ", — განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მისი თქმით, კოალიციისთვის პრინციპული საკითხია, რომ კლანს არ უნდა ჰქონდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება უზენაეს სასამართლოში წარადგინოს კანდიდატები.

"სამწუხაროდ, კანონის პროექტი, რომელიც ირაკლი კობახიძის ვერსიაა, კლანის წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიის შეკერვაა, ჩვენ არ ვართ მკერავები ჩვენ ვართ იურისტები", —განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

კოალიციას 5 პრინციპული საკითხი ჰქონდა, რომელიც სამუშაო ჯგუფს წარუდგინეს.
ეს ხუთი საკითხია:

  1. კონკურსში მონაწილეობა ღია უნდა იყოს და მასში არ უნდა მონაწილეობდნენ მარტო ის პირები, ვისაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული. კონკურსში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ პროფესიონალ ადვოკატებსა და პროკურორებს;
  2. ინტერესთა კონფლიქტის საკითხი - საბჭოს იმ წევრებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეთ საშუალება პარალელურად საბჭოს წევრებიც იყვნენ;
  3. კანონპროექტიდან ფარდობითი კენჭისყრის ამოღება, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს ე.წ. გრძელი სიის შექმნის, რადგან ეს საშუალებას აძლევს კლანს სასამართლოში პირველივე ეტაპზე გამორიცხოს ყველა ის კანდიდატი, რომელსაც ექნება დანარჩენი სამი წევრის მხარდაჭერა;
  4. საბჭომ კენჭისყრის დროს გადაწყვეტილება 2/3-2/3-ით უნდა მიიღოს, კერძოდ, კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს მოსამართლე წევრების 2/3-მა და არამოსამართლე წევრების 2/3-მა;
  5. როცა პარლამენტში სია გადაიგზავნება, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ამ კანდიდატების ბექგრაუნდს და მოამზადებს საკომიტეტო განხილვისთვის.

საქართველოს პარლამენტში უკვე მეორე დღეა განიხილავენ იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და პარლამენტში წარდგენა უნდა მოხდეს.