საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სამუშაო ჯგუფში წარდგენილ კანონპროექტს, უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია არ ეთანხმება, იუსტიციის საბჭოს წევრები კი იწონებენ. რაც შეეხება დიპლომატიურ კორპუსს სამუშაო ჯგუფის მონაწილეების თქმით, ისინი სრულად იზიარებენ არასამთავრობო სექტორის პოზიციას და კობახიძის ვერსიას აკრიტიკებენ. ამ საკითხზე თავად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორი დღეა მიმდინარეობს. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გაუზიარებს. იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უმრავლესობის დეპუტატების გარდა, შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე ამბობს, რომ "ირაკლი კობახიძეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, არაფრის შეცვლას არ აპირებს და იუსტიციის საბჭოს ინტერესებს ატარებს".

შეუთანხმებლობის მიზეზები

შეუთანხმებლობის მიზეზი რამდენიმე საკითხია, მათ შორის ყველაზე მთავარი უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ნომინირების წესია. ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კანდიდატების ნომინირებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების 2/3-ის, ანუ მინიმუმ 10 წევრის მხარდაჭერა დასჭირდება. საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, აქედან 8 მოსამართლე წევრია, ერთი საბჭოს თავმჯდომარე, 5 პარლამენტის, ხოლო ერთი პრეზიდენტის მიერ დანიშნული.

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ამზადებს კანონს, რომელიც ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ინტერესებზე იქნება მორგებული.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მისი თქმით, წარმოდგენილ პროექტში, სადაც საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციები.

"დღესდღეობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს მმართველ კლანს აქვს გარანტირებული 11 ხმა. ამ 11 ხმით წარადგინეს ის დეკემბრის 10-კაციანი სია. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს ეს წესი", — განაცხადა სამუშაო ჯგუფის დასრულების შემდეგ ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება ჯიუტად ცდილობს საკუთარი ვარიანტი გაიტანოს და ასე რქებით გატანის მცდელობა გააღრმავებს ამ კრიზისს, რომელიც უკვე შექმნილია".

კოალიციამ გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის სამუშაო ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ფოტო: რადიო თავისუფლება

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე არ აპირებს შეცვალოს ჩანაწერი, რომლითაც კანდიდატის ნომინირება საბჭოს წევრების 2/3-ით იქნება შესაძლებელი.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე გიორგი მშვენიერაძემ ის ხუთი პრინციპული საკითხი წარადგინა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნობდა. თუ ამ საკითხებზე კოალიცია მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აღარ ჩაერთვებოდა.

ეს ხუთი საკითხი იყო:

  • კონკურსში მონაწილეობის ღიაობა, რაც ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ პროფესიონალ ადვოკატებსა, პროკურორებს და მათ, ვისაც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები არ აქვთ ჩაბარებული;
  • ინტერესთა კონფლიქტის საკითხი - საბჭოს იმ წევრებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა, არ უნდა ჰქონდეთ საშუალება პარალელურად საბჭოს წევრებიც იყვნენ;
  • კანონპროექტიდან ფარდობითი კენჭისყრის ამოღება, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს ე.წ. გრძელი სიის შექმნის.
  • საბჭომ კენჭისყრის დროს გადაწყვეტილების 2/3-2/3-ით მიღება, კერძოდ, კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს მოსამართლე წევრების 2/3-მა და არამოსამართლე წევრების 2/3-მა;
  • პარლამენტში სიის გადაგზავნის დროს სამუშაო ჯგუფის შექმნა და კანდიდატების ბექგრაუნდის მოძიება.

კოალიციის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კოალიციის მიერ წარდგენილი 5 პრინციპული საკითხიდან არც ერთი არ გაიზიარა.

"სამწუხაროდ, კანონის პროექტი, რომელიც ირაკლი კობახიძის ვერსიაა, კლანის წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიის შეკერვაა. ჩვენ არ ვართ მკერავები ჩვენ ვართ იურისტები", —განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატების ნომინირების საკითხის გარდა სხვა პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, კიდევ ერთი პრინციპული თემა კანდიდატების კვალიფიკაციას ეხებოდა.

ჯანეზაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება კონკურსში ჩასართავად ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არ იყოს. ამ ინიციატივაზე კობახიძემ განაცხადა, რომ მსჯელობა შესაძლებელია.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ მეორე პრინციპული საკითხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების როლის ზრდას უკავშირდება.

"დღეს მოვისმინე, რომ თურმე ტერმინები — განწესება და წარდგენა არის სინონიმები, ანუ ასე განმარტავს. განწესება, რომელსაც იყენებს კონსტიტუცია, ეს წარდგენას ნიშნავსო. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. მან ასევე თქვა, რომ რადგან კონსტიტუციაში ნახსენებია, რომ განწესება ხდება არანაკლებ ხმათა 2/3-ით, ანუ ათი ხმით უნდა იყოს მიღებული წარდგენის გადაწყვეტილება", — განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ორი დღეა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრებს ესწრება, არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას პასუხობს. ის ამბობს: "სიცრუეა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტი იუსტიცის საბჭოს მიერ შექმნილი დოკუმენტია".

მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს თავისი პოზიციები და ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

"თუ ვინმეს პოზიციას არ ემთხვევა ჩვენი პოზიცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას ვემხრობით. ეს ასე არ არის. ჩვენ სამართლებრივი არგუმენტებით ვასაბუთებთ იმ პოზიციებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ სწორია, ამ შემთხვევაში", — განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციის მიხედვით იხელმძღვანელებს. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი კონსენსუსი არ ყოფილა, მათ მოისმინეს ყველა მხარის პოზიცია და მომდევნო შეხვედრას უმრავლესობაში მსჯელობის შემდეგ დანიშნავენ.

"შევთანხმდით, რომ უნდა იყოს ღია პროცესი. საზოგადოებას შეეძლება, ღიად დააკვირდეს ამ პროცესს. ანუ საზოგადოების მონიტორინგი იქნება უზრუნველყოფილი. შემდგომ, როდესაც კანდიდატების სია შემოვა საქართველოს პარლამენტში, ჩვენც უზრუნველვყოფთ გამჭვირვალე პროცესს. სამი პრინციპია: გამჭვირვალობა, ღიაობა და ხანგრძლივი პროცესი", — განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ კანდიდატების პარლამენტში წარდგენის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კანდიდატებს შეაფასებს.

"ეს იქნება ამერიკული მოდელი, რაც ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად და ხანგრძლივად ვუსმენთ თითოეულ კანდიდატს, იქნება უზრუნველყოფილი", — განაცხადა ოხანაშვილმა.

რა წერია კობახიძის მიერ მომზადებულ სამუშაო ვერსიაში

საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა განიხილავენ იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და პარლამენტში წარდგენა უნდა მოხდეს. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას უმრავლესობის წევრები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი, დიპლომატიური კორპუსი და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები იღებენ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც, მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესებს ემსახურება.

ანა დოლიძის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. პროექტის მიხედვით, კონკურსანტებს აარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის თანხმობით, ანუ 15-დან 10 ხმით. ხმის მიცემის დროს ფარული კენჭისყრაა გათვალისწინებული და თუ ორი კანდიდატი ერთნაირ ხმებს მიიღეს, იმას ირჩევენ, რომელსაც მეტი გამოცდილება ექნება.