უკრაინამ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულებმა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს. 2019 წლის ევროვიზიის კონკურსი ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში ჩატარდება.

"დღევანდელ სიტუაციაში, მათ შორის, ეროვნული შერჩევის პოლიტიზირების პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტა, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვას", — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, მათ შესარჩევი კონკურსის გარეთ ახალი კონკურსანტის მოძებნა შეუძლიათ, თუმცა შესარჩვენ კონკურსში მაყურებლის არჩევანს პატივს სცემენ.

25 თებერვალს უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომღერალი Maruv, რომელმაც ეროვნულ შერჩევაში გაიმარჯვა, რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო მოხსნა. მეორე და მესამე ადგილას გასულმა ჯგუფებმა, Freedom-Jazz-მა და Kazka-მა კი ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

მეოთხე ადგილას გასულმა ჯგუფმა Brunettes shoot Blondes-მა განმარტა, რომ შესარჩევი კონკურსი არ მოუგიათ, შესაბამისად არც ევროვიზიაზე წასვლა სურთ. ამავე დროს აზუსტებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მათთვის კონკურსზე წასვლა არ შეუთავაზებია.

2017 წელს ევროვიზიის კონკურსი კიევში ჩატარდა. მაშინ უკრაინამ უარი თქვა ქვეყანაში შეეშვა რუსი კონკურსანტი იულია სამოილივა, რომელიც ყირიმში რუსეთის ტერიტორიიდან ჩავიდა, რითაც უკრაინის კანონმდებლობა დაარღვია.