რატომ უნდა უყუროთ სერიალს Love, Death & Robots
წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ადოლფ ჰიტლერი ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე დიდი ხნით ადრე კურიოზული შემთხვევის გამო რომ მომკვდარიყო? მაინც დაიწყებოდა მეორე მსოფლიო ომი? ან რა რეაქცია გექნებოდათ, ძველი მაცივრის საყინულეში მინიატურულ ცივილიზაციას რომ გადაწყდომოდით, შემდეგ კი შესაძლებლობა მოგცემოდათ, შორეული წარსულიდან დისტოპიურ მომავლამდე კაცობრიობის ისტორიის განვითარებისთვის მიგედევნებინათ თვალი? ამ და სხვა კიდევ უფრო უცნაური, მოულოდნელობებით აღსავსე და განსაკუთრებული სიუჟეტის მქონე სერიალის შესახებ უნდა გიამბოთ, რომლის პირველი სეზონის ნახვა უკვე ნეტფლიქსზე შეგიძლიათ.
ნეტფლიქსს დღეს უკვე 140 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მის სახელს უკავშირდება Narcos-ის, Bojack Horseman-ის, Sense8-ისა და Stranger Things-ის მსგავსი პოპულარული სერიალების შექმნა. თუ ჩამოთვლილი სახელწოდებებიდან ერთ-ერთი მაინც გეცნოთ და მეტიც - რომელიმეს აქტიური მაყურებელიც ხართ, თქვენ ეს ამბავი განსაკუთრებით გაგახარებთ. Love, Death & Robots ის სერიალია, რომელსაც კინომოყვარულები ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე აქტიურად განიხილავენ.
Love, Death & Robots ანიმაციური ანთოლოგიაა, რომელიც თვრამეტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიუჟეტისა და გრაფიკული შესრულების განსხვავებული ტექნიკის მქონე ეპიზოდისგან შედგება. ანთოლოგიის აქამდე ცნობილი მაგალითები ისეთი საკულტო და კრიტიკულად აღიარებული სერიალებია, როგორებიცაა The Twilight Zone და Electric Dreams. თითოეული ეპიზოდი ასევე თვითმყოფად, ფანტასტიკურ ისტორიას იტევს.
თვრამეტი ეპიზოდი ერთი სეზონისთვის, შეიძლება, ძალიან ბევრი მოგეჩვენოთ, თუმცა ნუ დაფრთხებით: მათი ხანგრძლივობა ექვსიდან ჩვიდმეტ წუთამდეა. შესაბამისად, ერთ სერიას ისე უცებ ნახავთ, რომ წინასწარ მომზადებული ბატიბუტის ულუფას ნახევრამდეც კი ვერ დააცარიელებთ.
Love, Death & Robots ლეგენდარული დევიდ ფინჩერისა და Deadpool-ის რეჟისორის, ტიმ მილერის ერთობლივი პროექტია, რომლის ყოველ ეპიზოდზეც ამ ცნობილ რეჟისორებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტების გუნდი მუშაობდა. სრულიად სხვადასხვაგვარი გამოცდილებისა და უნარების მქონე ადამიანების თანამშრომლობამ კი საბოლოოდ იშვიათად მრავალფეროვანი სატელევიზიო პროდუქტით ტკბობის შესაძლებლობა მოგვცა. ეს არის სერიალი, რომელიც გამორჩეულია ჟანრების სიჭრელით - აქაა სამეცნიერო ფანტასტიკა, ჰორორი, ფენტეზი, კომედია. ამასთან, ანიმაციური შესრულების მრავალგვარი ტექნიკით დატკბობაც შეგეძლებათ - სხვადასხვა ეპიზოდში შეხვდებით ანიმეს, კომიქსისა თუ ვიდეოთამაშებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს. მსგავსი მრავალფეროვნება ნებისმიერი გემოვნების მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება და მოწყენის საშუალებას არ მისცემს.
ეპიზოდების მცირე ხანგრძლივობა შესაძლებლობას აძლევს ყველას, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში მაინც მოუწყოს საკუთარ თავს მცირე შესვენება. შეგიძლია, ოფისში განსატვირთავადაც კი გადაეშვა დაუვიწყარ თავგადასავალში ან დილა საუზმესთან ერთად მომაჯადოებელი სანახაობით დაიწყო. თანაც, ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ყოველი სერია სრულიად განსხვავებულ ემოციას გიტოვებს: ხან ზღაპრისთვის დამახასიათებელი მომნუსხველი სილამაზე გატყვევებს, ხანაც კიდევ ვიდეოთამაშის მსგავს დაძაბულ სიუჟეტში იმდენად ხარ ჩართული, რომ მხოლოდ ეპიზოდის დასრულების მანიშნებელი სუბტიტრების დანახვისას აცნობიერებ, როგორ დაგეძაბა სხეული.
ამ ანთოლოგიაში ეპიზოდების თანმიმდევრობას, სტანდარტული სერიალებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს: ყოველ მათგანში მოთხრობილ ისტორიებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, ისინი არ ქმნიან სიუჟეტის განვითარების ერთ ხაზს. შესაბამისად, სურვილისამბერ, ნებისმიერი სერიით შეგიძლია დაიწყო, გააგრძელო და დაასრულო მათი ყურება.
ნეტფლიქსის მიერ შემოთავაზებული ფორმალური თანმიმდევრობის პირველმა ეპიზოდმა -Sonnie’s Edge, რომელშიც სიუჟეტი მომავლის ლონდონში ვითარდება, ბევრს მისი შემოქმედის, დევიდ ფინჩერის საკულტო ფილმი Fight Club და გახმაურებული თრილერი The Girl with the Dragon Tattoo გაახსენა. ამასთან ერთად, მთლიანად სერიალის იდეას, მასში გაშლილ თემებსა და მათ რეპრეზენტაციას ყველაზე მკაფიოდ ეტყობა ასევე ნეტფლიქსის ძალიან პოპულარული შოუს - Black Mirror-ის გავლენა: ორივეგან ვხვდებით მომავლის ბნელ და საშიშ წინასწარმეტყველურ სურათებს. ბევრმა მაყურებელმა უკვე უწოდა კიდეც ამ სერიალს "ანიმაციური შავი სარკე".
აღფრთოვანებასთან ერთად ანთოლოგიამ კრიტიკული შეფასებებიც დაიმსახურა: მის შემქმნელებს, ძირითადად, ძალადობისა და სექსის სცენების ხშირად ჩვენებისთვის აკრიტიკებენ. იმის ფონზე, რომ ფინჩერთან და მილერთან ერთად არცერთი ქალი რეჟისორი არ მუშაობდა ამ სერიალის გადაღებაზე და მხოლოდ ერთი ეპიზოდის სცენარის ავტორია ქალი, შემქმნელებს სექსიზმსა და მიზოგინიაშიც დასდეს ბრალი. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა სიუჟეტში შეხვდებით მასკულინობის ტრადიციული მოდელის განსხეულებას, ქალების სხეულების სიშიშვლის ან მათზე ძალადობრივი მოპყრობის ბევრნაირ სცენას, რაც ძალადობის სექსუალიზების საშიშროებას აჩენს. ასევე, ერთ სერიაში, სადაც ქალთევზის ტრადიციული მითია გადათამაშებული, მომხიბვლელი ქალი რეალურად საშინელი მონსტრი აღმოჩნდება. ამ გზით, მიზოგინური წარმოდგენები ქალზე, როგორც მაცდურსა და საშიშზე, კვლავ მეორდება. ამ დეტალების გამო უკვე გამოთქმული საყვედურები სულაც არაა საფუძველს მოკლებული. სერიალში ნაჩვენები დიდი რაოდენობის ძალადობრივი სცენების გამო მას "სიყვარული, სიკვდილი და რობოტების" ნაცვლად იმავე წარმატებით შეიძლება ეწოდოს "სექსი, ძალადობა და ურჩხულები".
არ მინდა, იმაზე მეტად გაგიგრძელდეთ ამ სტატიის კითხვა, ვიდრე ანთოლოგიის სრულად ყურებას დასჭირდებოდა. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, ნამდვილად სჯობს ჩაუჯდეთ ამ საოცრად სანახაობრივ და საინტერესო სერიალს, რომელმაც უკვე აალაპარაკა მრავალი ათასი მაყურებელი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები