1985 წელს ამერიკელმა კომიქს-არტისტმა ელისონ ბექდელმა დახატა კომიქსი, რომლის პერსონაჟებიც განიხილავდნენ კინოში ქალების წარმოჩენის პრობლემას.

კომიქსის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობდა, რომ ფილმებს არ უყურებდა, თუ ისინი შემდეგ სამ პუნქტს არ აკმაყოფილებდნენ:

1. ფილმში უნდა იყოს მინიმუმ ორი ქალი;
2. ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ;
3. საუბრის თემა არ უნდა იყოს კაცები.

მალე კიდევ ორი პუნქტი შეემატა:

4. ამ ქალებს უნდა ჰქონდეთ სახელები;
5. საუბარი მინიმუმ ათი წამი უნდა გრძელდებოდეს.

ასე ჩამოყალიბდა ბექდელის ტესტი, რომელსაც პოპ-კულტურის ფემინისტური კრიტიკის საკმაოდ ეფექტიან იარაღად ხშირად იყენებენ. ოღონდ აქ დიდი და მნიშვნელოვანი დათქმა — თუ ფილმი ვერ გადის ბექდელის ტესტს, სულაც არ ნიშნავს რომ არაფემინისტურია.

მაგალითად, კუარონის გრავიტაცია და ტარანტინოს ჯეკი ბრაუნი ტესტში იჭრებიან, ხოლო ბინდის საგა არა. ამიტომაც ტესტი გამოიყენება არა კონკრეტული ფილმების, არამედ მთლიანობაში, ინდუსტრიის კრიტიკისთვის.

ინდუსტრიას რაც ეხება, შედეგები ასეთია: 20-იანებში გადაღებული ფილმების 21% გადის ტესტს, 70-იანებში გადაღებული ფილმების 47% და 2010-იანებში - 64%-ს. ასე რომ, დასავლეთში ტენდენცია იზრდება.

აბა ახლა როგორაა საქმე ქართულ კინოინდუსტრიაში?! რამდენად შეიძლება ქართულ კინემატოგრაფს "ინდუსტრია" უწოდო აშკარა არაა, მაგრამ რაც გვაქვს, ის გავატარეთ ბექდელის ფილტრში.

ამ "რაც გვაქვსში" კი ამჯერად ათი ფილმი შევიდა. და სანამ შევუდგებოდეთ საქმეს, აღვნიშნავთ, რომ შერეკილები პირველსავე პუნქტით გამოირიცხა, რამეთუ ფილმში ერთადერთი ქალი მარგალიტაა, მეორე კი მხოლოდ მდინარეში მონარნარე ქუდისა და ქრისტეფორეს ოხვრის სახით არსებობს. ასე რომ უშერეკილებო სია გადაღების წლის ქრონოლოგიით:

1. ქეთო და კოტე (1948)

სიმართლე რომ ითქვას, ძნელია რამე ფემინისტური ნარატივი მოაბა ფილმს, რომელშიც ქალების გათხოვება-გამოთხოვება პირდაპირი გაგებით ბიზნესადაა ქცეული, მაგრამ მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ამ ბიზნესსაც ქალები ეწევიან. აი სწორედ ხანუმას და ქაბატოს შეკინკლავებაა ის სცენა, რომელშიც ბექდელის ტესტისთვის შესაფერისი საუბრის სათანადო 10 წამი გროვდება. ერთი შეხედვით, ამ ჭიდაობაში ისევ ლევანის შესახებ კამათობენ, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ლევანი სინამდვილეში ბიზნეს-ქიშპობის ნაწილია.

  • ასე რომ ჩვენი ვერდიქტით, ქეთო და კოტე ბექდელის ტესტს აკმაყოფილებს.

2. თოჯინები იცინიან (1962)

ნიკოლოზ სანიშვილის 1962 წლის ფილმში რამდენიმე ქალი პერსონაჟია, ბებია ნუცა, დედა ალისა, შეყვარებული ლალი და ა.შ. მაგრამ რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ როცა საუბრობენ, იპოლიტე ხვიჩიაც ტრიალებს ახლომახლო და ერთვება რეპლიკებით, ხოლო როცა მარტონი არიან, ჩუმად სხედან.

  • ამგვარად, მთავარი ქართული საბჭოთა ფილმი ნაცნობობით ჩაწყობაზე ჩვენი ვერდიქტით ბექდელის ტესტში იჭრება!

3. ვერის უბნის მელოდიები (1973)

ვერის უბნის მელოდიებში ზოგადადაც არ ლაპარაკობენ ძალიან ბევრს (იმიტომ რომ.. მიუზიკლია), მაგრამ ეს ფილმს არ უშლის ხელს რომ ბექდელის ტესტის 10 წამის გეგმა პირველსავე აქტში შეასრულოს. სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი დეიდა ვარდო ლამაზ-ლამაზ კაბებს ურიგებს თამროსა და მაროს საბალეტო სკოლის გამოცდისთვის და თან არიგებს. რაც იმასაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდა გოგონებს ოცნების მიღწევაში ისევ ქალი პერსონაჟი ეხმარება, ანუ ფემინიზმის +15 ქულა დამატებით.

  • აქვე აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდური მიუზიკლი ლა ლა ლენდი ბექდელის ტესტში იჭრება. ჩვენი კი — არა.

4. ნატვრის ხე (1977)

ნატვრის ხეს არ აქვს ჩვეული სტრუქტურის დიალოგები, ფილმი ძირითადად პოეტურ მონოლოგებსა და პოეტურ სიჩუმეებზეა აგებული.

აქა-იქ კი ლაპარაკობენ ქალები, მაგრამ ეგ საუბარი ძირითადად ისეთი ფრაზებით მიმდინარეობს როგორიცაა "დასამალი რა მაქვს? ფეხები წვრილი აქვს .. სუსტი. მაგრამ სახე და ძუძუ მკერდიიი?? იჰ."

მარიტას მდინარეზე რომ აფასებს შეთეს დელეგაცია, ეგ სცენა იგულისხმება.

მოკლედ, ფემინიზმი: -1000

გაგანია შიდაჯგუფური დისკრიმინაცია.

მაგრამ ამ ფილმში ჩემი პირადი გულისტკივილი ფუფალას აბარია. მოქილიკე ბავშვს ტკბილეულს რომ აძლევს და ეუბნება "რას მერჩი ბათურ, რა დაგიშავე, რატომ მაწყენინებ" და ეს-ესაა ბათურაში სინანულმა უნდა გაიღვიძოს, ეგება რამეს მიხვდეს მაინც, პიროვნულად გაიზარდოს, რომ შორიდან კიტრიკვნეტია ამხანაგი უყვირის "ბიჭო ბათურ წამო რას ალაპარაკებ მაგას" რაზეც ბათურა პასუხობს "ილაპარაკოს, ნისკარტი მოუცვდება თუ რა".

ყოჩაღ ბათურა. მიიღე რაც გინდოდა. იცინეს შენმა ამხანაგებმა. იმედია ბედნიერი ცხოვრება გქონდა.

  • ნატვრის ხე ბექდელის ტესტს არ გადის!

5. სიყვარული ყველას უნდა (1980)

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში სიყვარული ყველას უნდა პირველივე თვითიდენტიფიკაცია მამისადმი მიკუთვნებით ხდება, ანუ "ვისი ხარ გოგო შენა?" "მაყვალა ვარ თეკო ბებო, თქვენი გოგიასი, ვერ მიცანიი?", ამას ლინგვისტურ ტრადიციებს გადავაბრალებთ და შინაარსზე ვკონცენტრირდებით. შინაარსი კი ისაა, რომ მაყვალას სოფელში თანამედროვე ტანისამოსის შემოტანა უნდა, რასაც თეკო ბებოს უყვება.

ერთი ისაა, რომ ქალებს შორის ფილმში ყველაზე მეტს ლაურა რეხვიაშვილის პერსონაჟი ბაბულა ლაპარაკობს, თან ლაპარაკობს სულ კაცებზე. გადაწონვის კრიტერიუმი რომ ყოფილიყო ტესტში, ყველა სხვა დიალოგს გადაწონიდა. მაგრამ ეგ კრიტერიუმი არ გვაქვს.

  • ასე რომ, მაყვალასა და თეკო ბებოს დიალოგის ხარჯზე ტესტი გავლილია!

6. ცისფერი მთები (1983)

ცისფერი მთები მთლიანად დიალოგებისგან შემდგარი ფილმია, ასე რომ წესით ბექდელის პუნქტებისთვის უფრო მეტი საასპარეზო სივრცე უნდა ჰქონდეს.

უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს. ელდარ შენგელაიას ფილმში არ არის ისეთი სცენა, სადაც ორი სახელმინიჭებული ქალი ათი წამის განმავლობაში რამე განყენებულზე საუბრობს, ასე რომ ცისფერ მთებს ფემინიზმში 0 ქულა, ყველაფერ დანარჩენში — 1000.

  • ასე რომ, ფილმი ბექდელის ტესტს ვერ გადის.

7. მონანიება (1986)

როგორც გითხარით, ბექდელის კომიქსი 1985 წელს გამოვიდა, მონანიება კი ერთი წლით გვიან. ალბათ ეს ორი მოვლენა არანაირ კავშირში არაა, მაგრამ მონანიებაში მაინც გვაქვს საბექდელე სცენა.

ნინო ელენესთან ქმრის ბედის გასარკვევად მიდის, ელენე ნინოს აწყნარებს, რეკავს სადღაც, მერე კი ოჯახის წევრებზე საუბრიდან ნელ ნელა მომავლის იმედზე იწყებს საუბარს, მერე მცირე იდეოლოგიური ჩანართი აქვს, მერე კი ბეთჰოვენის სიხარულის ოდის სიმღერას იწყებს. უცნაური განვითარებაა? — კიბატონო.

  • უშლის ბექდელის ტესტის გავლას? — არანაირად!

აქ შედავება შეიძლება, რომ სამაგიეროდ, ნინო ხომ ჩუმადაა.

მაგრამ ეგ არ ითვლება, ეგ მეტყველი სიჩუმეა!

8. გარიგება (1993)

"გარიგება" ალბათ ოთხმოცდაათიანების ყველაზე ფემინისტური ქართული ფილმია — აქტიური ქალი პროტაგონისტითა და არც ისე აქტიური მამაკაცით. ნუ, ეს ამბავი ქართული კინოცენტრის საიტზე ასე კი არის ჩამოყალიბებული:

"ანგარება მაროს ქმარს დააკარგვინებს, ექიმი ქალი მიხოს წესიერებასა და ნიჭს დაუფასებს და მასთან ერთად მშვენიერ ოჯახს შექმნის". ამ აღწერას საერთოდ არ დაჰკრავს ფემინისტური ნარატივის ელფერი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ კარგი პერსონაჟი საინტერესო პერსონაჟია და არააუცილებლად დადებითი. ასე რომ ფემინიზმის ქულები : + 50.

დიალოგს კი რაც ეხება, ქეთინო ექიმი და მარო ფილმის პირველსავე მესამედში საუბრობენ მაროს ჯანმრთელობაზე.

  • ბექდელის ტესტი: ჩათვლა.

9. გრძელი ნათელი დღეები (2013)

თანამედროვე ქართულ კინოში საერთოდ არ გვიჭირს ამ ამბავში. შესაძლოა იმ მიზეზით, რომ ბოლო დროის ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორის ქალი რეჟისორების სახელები ხშირად ჩნდება. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ გრძელი ნათელი დღეები ბექდელის ტესტს გადის. უბრალოდ, ეგ ხდება ფილმის დაწყების შემდეგ ერთ საათსა და 15 წუთში. მანამდე გრძელი დიალოგების უმეტესობა არის ბიჭებზე, მამებსა და სხვა კაცებზე. თუმცა ეს იმისი კიდევ ერთი მაგალითია, რომ ტესტი კონკრეტული ფილმის ფემინისტური მესიჯების ლაკმუსად ვერ გამოდგება.

10. გზააბნეულნი (2013)

და საბოლოოდ - ერმალო. კი შეგვეძლო ერმალოს თეა აგვეღო, რომელიც იდეალური საბექდელე ფილმია, მაგრამ მარტივი გზებით სიარული არ გვინდოდა.

გზააბნეულნი არის ის ფილმი რომლითაც ერმალომ ჩვენს გულებში შემოაბიჯა და მაშ მოდი ამ ჩვენს ტესტშიც გავატაროთ. 24-ე წუთზე ვხედავთ ოთხ ქალბატონს, რომლებიც სხედან დუქანში და განიხილავენ დათოს და ბადრის. აქ ტესტის მოთხოვნებს ფილმი ჯერ ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ საუბარს მალევე იბარებს ერთ-ერთი ქალბატონი და აცხადებს: "როგორ გამიხარდა, რომ როგორც იქნა შევიკრიბეთ". მეორე ქალბატონი აგრძელებს "გოგოებო იმ კვირაში ყველას ჩემთან გეპატიჟებით, თქვენთვის სიურპრიზი მაქვს".

"მაინც რა არის?" — ეკითხება მესამე ქალბატონი. და პასუხად იღებს

"მაშინ სიურპრიზი არ იქნება". სპოილერი — მაყურებლისთვის სიურპრიზი სამუდამოდ რჩება საიდუმლოდ. ამის შემდეგ აუდიო ზედმეტად არეულია საიმისოდ, რომ გავარჩიოთ რაზე საუბრობენ, მაგრამ აშკარაა რომ მამაკაცებზე - არა.

და თუ მავანი შეგვედავება, კი მაგრამ ამ პერსონაჟებს სახელები ხომ არ ჰქვიათო, ჩვენ ვუპასუხებთ - არანაირი პრობლემა, დავარქვათ ახლავე.

მზია, ნათია, ელვირა, მეორე მზია. (მარცხნიდან მარჯვნივ).

  • ამგვარად, გზააბნეულნი ბექდელის ტესტის პუნქტებს აკმაყოფილებს!