კიბერთავდასხმა 50-ზე მეტ ვებგვერდზე მოხდა. ზოგიერთი მათგანი ჭარბი ტრაფიკის გამო ითიშებოდა, ზოგზე კი პროპაგანდისტული მესიჯები ჩნდებოდა, რომელშიც ექსპრეზიდენტი ნაცისტური გერმანიის ლიდერთან იყო შედარებული. ყოველი თავდასხმის უკან ღიად თუ დაფარულად ჩანდა რუსული კვალი.

სქრინები სახელმწიფო ვებ-გვერდებიდან. 2008 წელი.

სქრინები სახელმწიფო ვებ-გვერდებიდან. 2008 წელი.

ფოტო: The New Yourk Times / Digital Journal

აგვისტოს ომისდროინდელ კიბერშეტევებზე ქართულ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება, თუმცა ამ საკითხს აქტიურად აშუქებდა საერთაშორისო მედია.

2008 წლის 11 აგვისტოს ტექნოლოგიური გამოცემა Zdnet-ში ვკითხულობთ: "ინტერნეტში ქართულ-რუსულ კონფლიქტზე რამდენიმეკვირიანი სპეკულაციებს, საბოლოოდ, კოორდინირებული კიბერშეტევის სახე მიეცა... ვინ დგას ამის უკან? რუსეთის სამარცხვინო ბიზნეს ქსელი, თუ ყველა რუსი მოქალქე, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ქმედებებს?"

12 აგვისტოს კი The New Yourk Times წერდა, რომ ამერიკელმა მკვლევარმა ქართულ სერვერებზე გაგზავნილ მონაცემთა ნაკადში აღმოაჩინა მესიჯი: "win+love+in+Russia" (გამარჯვება + სიყვარული + რუსეთში)". ამავე დღეს Digital Journal თავის მკითხველს უამბობდა, რომ მიუხედავად ომის შეწყვეტის შეთანხმებისა რუს ჰაკერებს საქართველოს კიბერალყაში ჰყავდათ.

ჯერ კიდევ მაშინ, სანამ რუსეთის ჩარევა ოფიციალურად დადასტურებოდა, უცხოური მედია მათ ბრალეულობაზე ღიად საუბრობდა.

გარდა პირდაპირი ზიანისა, რაც ამ თავდასხმით საქართველოს მიადგა, რუსეთმა ქვეყნის კიდევ უფრო დაზარალება გადაწყვიტა და ეს შეტევა "პატრიოტულ ბრძოლად" მონათლა. ამ პერიოდში შეიქმნა რუსი ჰაკერების ვებგვერდები stopgeorgia.ru/stopgeorgia.info, სადაც წერდნენ, რომ არ აპირებდნენ "საქართველოს მხრიდან პროვოკაციები" მოეთმინათ, რადგან "თავისუფალ სამყაროში სურდათ ცხოვრება". მათი მტკიცებით, საინფორმაციო ომი საქართველომ დაიწყო და მათ მოუწიათ ჩართვა, ამიტომ შედეგებზე პასუხისმგებლობას არ იღებდნენ. მათ გამოქვეყნებული ჰქონდათ იმ ქართული ვებგვერდების სია, რომლებიც შეტევის მსხვერპლი გახდა.

კადრი რუსი ჰაკერების ბლოგიდან

კადრი რუსი ჰაკერების ბლოგიდან

ფოტო: Zdnet

უცხოურ მედიებში იძებნება ქართული ონლაინგამოცემის Civil.ge-ს ვებგვერდის სქრინშოტი, რომელზეც ჩანს, რომ შეტევის შემდეგ გამოცემა მკითხველს სიახლეების ელ.ფოსტით გაგზავნას სთავაზობდა.

კადრი Civil.ge-ს ვებ-გვერდიდან 2008 წლის 11 აგვისტოს

კადრი Civil.ge-ს ვებ-გვერდიდან 2008 წლის 11 აგვისტოს

ფოტო: ZDNET

მოხალისეების და პარტნიორების იმედად დარჩენილი საქართველო

საქართველოს იმ დროს კიბერთავდასხმასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონდა. ქვეყანა სამ ფრონტზე საერთაშორისო პარტნიორების და მოხალისეების იმედად იბრძოდა.

კოორდინირებულ თავდასხმას პასუხიც კოორდინირებული და სწრაფი სჭირდებოდა, რაც ხელისუფლებას თავიდან არ გამოუვიდა, მაგრამ რამდენიმე დღეში მოახერხეს სიტუაციის გაკონტროლება. ყოფილი მაღალჩინოსანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პირველი რეაგირება ვებგვერდების გათიშვა იყო. ამით დაჰაკულ პროპაგანდისტულ მასალაზე წვდომა შეზღუდეს. თუმცა, არსებულ ქაოსში მოსახლეობის ინფორმირება აუცილებელი იყო, ამიტომ მხოლოდ გათიშვით პრობლემა არ გვარდებოდა. კერძო სექტორისა და პარტნიორების დახმარებით სახელმწიფო ვებგვერდები და რამდენიმე მედია ამერიკულ სერვერებზე გადაერთო.

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

"ყველასგან ეს რჩევა მივიღეთ და ორი მარტივი პრინციპით ვმუშაობდით: ხელმისაწვდომობა და კოორდინირება. ჩვენ, როგორც ზომით უფრო პატარა მოთამაშეს, უპირატესობა გვქონდა პროაქტიულობით და იმით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს იყო. გვყავდა რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, რომელიც სერვერების შეცვლაში დაგვეხმარა. ეს იდეა ომამდეც მოგვაწოდეს, როცა პირველად გაჩნდა კიბერთავდასხმის ნიშნები ", — იხსენებს ის.

ომის შემდგომმა ანალიზმა მოწინააღმდეგის ტაქტიკა გამოავლინა. რუსეთი ცდილობდა საქართველო არა მსხვერპლად, არამედ თანამონაწილედ წარმოეჩინა. ბოკერიას თქმით, ეს ნარატივი უფრო სახიფათო იყო, ვიდრე მთელი შეტევა.

"მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ყველა დამნაშავეა: რუსეთიც, საქართველოც და ადგილობრივი "სეპარატისტებიც". ცდილობდნენ, რომ საქართველოს ქმედებები გამოეჩინათ, თუნდაც ნაკლებად მძიმე, მაგრამ მაინც იმავე ჭრილში", — განმარტავს ის.

კიბერთავდასხმის შედეგების კვლევამ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაარწმუნა, რომ კიბერთავდასხმა და პროპაგანდის ტალღაც ომის წინასწარმომზადებული კომპონენტი იყო, რომლისთვისაც რუსეთმა კრიმინალური ქსელი გამოიყენა. თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.

ბათუ ქუთელია

ბათუ ქუთელია

ფოტო: Presa.ge

"კიბერშეტევა ხდებოდა იმ ვებპლატფორმებიდან, რომლებიც მანამდე კრიმინალს ემსახურებოდა. კონკრეტულად, ეს იყო დარქვები, რომლებიც რუსული ორგანიზებული დანაშაულის პლატფორმაა.

დიფეისებში, რომელბსაც შეტევისას იყენებდნენ კონკრეტული ქივორდები იყო: ნატო, საქართველო და ამერიკა, სამხედრო თანამშრომლობა. გარდა ამისა, რამდენიმე დიფეისი, გაკეთებული იყო ომამდე 2 წლით ადრე, უბრალოდ, 2008-ში აამოქმედეს", — განმარტავს ის.

კიბერშეტევის მოგერიებისას მთავარია მზაობა. ქუთელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რეაგირების რეჟიმში უწევდა ყოფნა და უკვე მიყენებული ზარალის გამოსწორებაზე იყო ორიენტირებული. მისივე თქმით, მაშინ შეტევა ერთადერთმა ადამიანმა მოიგერია, რომელიც "მოხალისე აიტიშნიკია":

"მან მოახერხა სარკის დაყენება და მთელი წამოსული ნაკადი დაუბრუნა უკან რუსებს, შედეგად რამდენიმე შემტევი საიტი დაბლოკა. ეს იყო ერთი წარმატებული კონტრშეტევა".

სიმართლით მოგერიებული პროპაგანდა

სანამ ხელისუფლება ამ შეტევებს ოფიციალური არხებით იგერიებდა, რამდენიმე მოხალისემ საინფორმაციო ქსელი შექმნა, რომელმაც პოლიტიკისგან სრულად დაცლილი, დაზარალებული ადამიანების ხმა მიიტანა მსოფლიოსთან.

2008 წელს, კვირას, 10 აგვისტოს ათიოდე ადამიანი შეიკრიბა და საინფორმაციო ომში ჩართვა გადაწყვიტა. ესენი იყვნენ განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამაში ჩართული პირები, მთარგმნელები, მემონტაჟეები და უბრალო მოხალისეები, რომელთა ზუსტი რაოდენობა და სახელები დღემდე უცნობია.

საინიციატივო ჯგუფი განათლების სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბა. მობილური ოპერატორების, მაგთისა და ჯეოსელის დახმარებით მათ გაავრცელეს ელ. ფოსტა [email protected] და მოუწოდეს მოსახლეობას გაეგზავნათ ფოტო-ვიდეომასალა და ისტორიები დაზარალებულების შესახებ. ათასობით შეტყობინებას ისინი ახარისხებდნენ და საერთაშორისო გამოცემებს აწვდიდნენ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, დათა კიზირია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ამ ჯგუფში თავიდანვე იყო ჩართული. ის განმარტავს, რომ მათი მუშაობის პრინციპი მთლიანად დეცენტრალიზებული იყო, რაც კოორდინაციას ამარტივებდა.

დათა კიზირია

დათა კიზირია

ფოტო: დათა კიზირია / FB

საინიციატივო ჯგუფს ფოტო, ვიდეო და ტექსტის რედაქტორები ჰყავდა, რომლებსაც კოორდინატორები კურირებდნენ. მას შემდეგ, რაც ინფორმაციის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი ვიდეომასალას მიიღებდა, თავის ჯგუფში მყოფ მოხალისეს უგზავნიდა, რომელიც მასალას შიფრავდა. გაშიფრული ტექსტი ეგზავნებოდა თარჯიმნების კოორდინატორს, რომელიც თავისუფალ მოხალისეს ტექსტს აწვდიდა და ნათარგმნს ვებზე განთავსების რედაქტორს უგზავნიდა. მასალას რედაქტორი CNN-ის პორტალ Ireport-ზე აქვეყნებდა.

იგივე სიტუაცია იყო ვიდეოს შემთხვევაში. გაშიფრული და ნათარგმნი ტექსტი ეგზავნებოდა მემონტაჟეს, რომელიც მასალას ტიტრებს ადებდა და კოორდინატორის გავლით ვიდეორედაქტორს აწვდიდა. მასალა Youtube-ზე იტვირთებოდა. ფოტოების შემთხვევაში კი Flickr-ს იყენებდნენ. შეგროვებული ინფორმაცია ქვეყნდებოდა ბლოგზეც, რომელიც სპეციალურად ამისთვის შეიქმნა.

საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული ემიგრანტებიც, რომლებიც მზა მასალას იმ ენაზე ავრცელებდნენ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობდნენ და ნაცნობების დამხარებით სხვადასხვა წყაროებზე გადიოდნენ. ასევე, უცხოელი ბლოგერები, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

მასალის რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, რასაც უფრო მეტი ადამიანის შრომა სჭირდებოდა. კიზირია ამბობს, რომ მოხალისეები ბევრი ყავდათ, მაგრამ ყველამ არ იცოდა ამ პლატფორმებით სარგებლობა, ამიტომ კიდევ ერთი ბლოგი შექმნეს, რომელსაც კიბერწინააღმდეგობა ერქვა. აქ ნებისმიერ მსურველს შეეძლო წაეკითხა გაიდლაინები და დამოუკიდებლად ესარგებლა პლატფორმებით.

კადრი კიბერწინააღმდეგობის ბლოგიდან

კადრი კიბერწინააღმდეგობის ბლოგიდან

ფოტო: კადრი ბლოგიდან / კიბერწინააღმდეგობა

"ჩვენი სამიზნე იყო დასავლელი საზოგადოება, რომლებსაც აქვთ თავის მთავრობაზე გავლენა. მცდელობაც კი არ გვქონია რუსულენოვან აუდიტორიაზე გასვლის, რადგან დროის ხარჯვად მივიჩნებდით. მთელი რუსული საზოგადოება ჩვენს მხარეზე რომ ყოფილიყო, მთავრობა მაინც თავის გეგმებს განახორციელებდა, რადგან ხალხს მათზე გავლენა არ აქვს", — ამბობს კიზირია.

ამავე ჯგუფის წევრი იყო განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია. მისი თქმით, ამ აქტივობის ზუსტი შედეგი არასდროს გაუზომავთ, მაგრამ აშკარა იყო, რომ სტრატეგიამ გაამართლა და როგორც საერთაშორისო მედიის, ასევე რუსი ჰაკერების ყურადღება მიიქცია.

სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია

"დამირეკეს CNN-დან და მკითხეს, ვინ ხართ, საიდან ტვირთავთ და საიდან გაქვთ ამდენი ინფორმაციაო. დაინტერესდნენ დეტალებით იმიტომ, რომ მათთვისაც უცხო იყო მსგავსი ფაქტი, როცა ერთ თემაზე ამდენ ინფორმაციას აწვდიდნენ.

საინტერესო იყო ისიც, რომ მობილური ოპერატორების დახმარებით ელ. ფოსტის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მეილზე იყო დიდი შემოტევა. ათასობით ყალბი შეტყობინება მოგვივიდა. რუსული სპეცსასმახურები ცდილობდნენ ასე შეეშალათ ჩვენთვის ხელი. თუმცა, გუგლმა მალევე გაფილტრა ყალბი შეტყობინებები", — ამბობს ჯანაშია.

წლების შემდეგ ჯგუფის წევრები ხუმრობენ, რომ ტროლების ფაბრიკის სპეციფიკით მუშაობდნენ. ერთი განსხვავებით, ისინი სიმართლეს ავრცელებდნენ.

"არ დაგვიმალავს არასდროს რო ამას ვაკეთებდით, ამტვირთავის იდენტიფიკაციაც შესაძლებელი იყო და ინფორმაციის გადამოწმებაც. რაც შეეხება მოხალისეების იდენტიფიცირებას, ვცდილობდით მათზე ინფორმაცია მხოლოდ უშუალო კოორდინატორებს ჰქონოდათ. ომის დროს უსაფრთხოება საჭირო იყო, არავინ ვიცოდით სადამდე მივიდოდა რუსეთი", — განმარტავს კიზირია.

ქართველი მოხალისეების აქტივობა თვალში მოხვდა რუსულ მედიასაც. მაშინ აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო პროპაგანდისტულ ომში დომინირებდა. რეალობა კი ის იყო, რომ საქართველომ საინფორმაციო ომი მოიგო.

"საინფორმაციო ომში გამარჯვება, მეტწილად, საერთაშორისო მედიის დამსახურებაა, რომლებიც ძალიან აქტიურად და ობიექტურად ავრცელებდნენ ამბავს. რაც შეეხება ჩვენს აქტივობას, უბრალოდ, მაქსიმალურად ვერიდებოდით პირველი პირების ოფიციალური პოზიციის გავრცელებას. პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ არ გამოგვსლოდა ხელისუფლების პროპაგანდისტული არხი. ჩვენი რაკურსი იყო ადამიანები და ეს უფრო გასაგებია თავისუფალი საზოგადოებისთვის", — ამბობს ჯანაშია.

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. როგორც მაშინდელი პირველი პირები და ამ საქმეში ჩართული მოხალისეები, ასევე, მოსახლეობაც ამჩნევს იმას, რომ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა და ამჯერად საინფორმაციო ომს არამხოლოდ მის საზღვრებში, არამედ საქართველოშიც გვიგებს.

"კრემლი მაშინ იყო ხისტად პროპაგანდისტული, რაც ხალხს აღიზიანებდა. ახლა არამხოლოდ ტონი შეარბილა, არამედ დეცენტრალიზაციის პრინციპს მიმართავს. რუსეთი ხვდება რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უპირატესობას ვერ მოიპოვებს, ამიტომ მას ჰაკავს შემდეგნაირად: ქმნის პატარ-პატარა მარგინალურ ჯგუფებს, რომლებიც რადიკალურ მოსაზრებებს ავრცელებს. ამ ქაოსში შენ იტროლები. ეს იმ შეტევას ჰგავს, როცა მოდის ბევრი ინფორმაცია ერთად, სერვერი იტვირთება და ჩერდება. დაახლოებით ამ რეჟიმში არიან რუსული პროპაგანდის ქვეშ ადამიანები. ამ სისტემას დეცენტრალიზაციით უნდა დავუპირისპირდეთ, ვერტიკალი ამ ომს ვერ მოიგებს", — ამბობს კიზირია.