ცნობილი ონლაინ კამპანია, გაატარე ზაფხული საქართველოში (#SpendYourSummerInGeorgia) ზაფხულის დასრულების შემდეგ გრძელდება. ამჯერად ახალი ჰეშტეგებით #SpendYourAutumnInGeorgia (გაატარე შემოდგომა საქართველოში) და #Spend4SeasonsinGeorgia (გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში).

კამპანიის ავტორები, რომლებიც ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, თითქმის 300-ათასკაციან ჯგუფში მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ ახალი ჰეშტეგები 4 დღეში, ზაფხულის დასრულების შემდეგ გამოიყენონ.

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარებას კამპანიის ფარგლებში შეუწყობს ხელს. ვიდეოში, რომელიც პოპულარულ ჯგუფში გავრცელდა, ის ინგლისურად ამბობს:

"გამარჯობა, მე ფრედერიკ ბეგბედერი ვარ და თქვენთვის მესიჯი მაქვს. გაატარე შემოდგომა საქართველოში".

კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა ადგილობრივ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.

ფრედერიკ ბეგბედერი ფრანგი მწერალია. მას ეკუთვნის ცნობილი წიგნი 99 ფრანკი. ბეგბედერი საქართველოში 2016 წლის მარტში იმყოფებოდა, როდესაც ის ქართველ მკითხველს შეხვდა.