ბრალმდებლის გარდაცვალების შემდეგ, კევინ სპეისის წინააღმდეგ არსებული ერთ-ერთი საქმე შეწყდა. ბოლო რამდენიმე წელში მსახიობი 10-მდე კაცმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა თუ ძალადობაში.

მანუალური თერაპევტი (იგივე მასაჟისტი), რომელმაც ამერიკელ მსახიობს სექსუალურ შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებით 2018 წლის ივლისში უჩივლა, სასამართლო პროცესამდე გარდაიცვალა. მისი თქმით, 2016 წელს სპეისისიმ მას პენისზე შეხება აიძულა, როდესაც მალიბუს სახლში მას მანუალურ თერაპიას უტარებდა. ბრალმდებელი, რომლის ვინაობაც არ გამჟღავნებულა, აცხადებდა, რომ ინციდენტის შემდეგ გამუდმებით განიცდიდა ემოციურ ტკივილს, რის გამოც საკუთარ თავს ზიანს აყენებდა.

საქმის განხილვა 2018 წლის ივლისიდან მიმდინარეობდა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიღებულა. Variety-ის წყაროს ცნობით, ბრალმდებელი სიმსივნით გარდაიცვალა.

"გამოძიების პარალელურად, მსხვერპლი გარდაიცვალა. სექსუალურ ძალადობაზე ბრალდება ვერ დამტკიცდება მსხვერპლის მონაწილეობის გარეშე, ასე რომ, საქმის განხილვა აღარ გაგრძელდება", — წერია ოფიციალურ განცხადებაში.

გარდაცვლილის წარმომადგენელი სექტემბერში აცხადებდა, რომ სპეისის ადვოკატებმა "ტრაგიკული ამბავი" მათ სასიკეთოდ გამოიყენეს:

"პროფესიონალური პასუხისმგებლობის გამო, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია სპეისის წარმომადგენლებს და ვუთხარით, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის გლოვის დრო მიეცათ და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა საქმის განხილვა. თუმცა, მათ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს და დაუყოვნებლივ აცნობეს სასამართლოს ამის შესახებ, ჩვენი თანხმობის გარეშე".

2019 წლის ზაფხულში კევინ სპეისის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე შეწყდა, რადგან მომჩივანმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მეხუთე შესწორების უფლება გამოიყენა. კევინ სპეისი მის მიმართ არსებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.