ელტონ ჯონს ახალ ზელანდიაში გამართული კონცერტის მოულოდნელი შეწყვეტა მოუწია. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩერდება ლეგენდარული მუსიკოსი როიალის წინ, თავს გულდაწყვეტით აქნევს და შემდეგ ფეხზე დგება:

"ჩემი ხმა სრულად დავკარგე, არ შემიძლია სიმღერა. უნდა წავიდე, ბოდიში".

72 წლის მომღერალმა სცენა ასისტენტების დახმარებით დატოვა, ფანებმა კი ის ოვაციებით გააცილეს.

მოგვიანებით მან დატვიტა:

"მადლობა ყველას, ვინც ოკლენდში კონცერტზე მოხვედით. დღის დასაწყისში მსუბუქი პნევმონიის დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ მსურდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, საუკეთესო შოუ მეჩუქებინა".

"ვუკრავდი და ვმღეროდი, მთელი გულით, სანამ ვიგრძენი, რომ ჩემს ხმას გაგრძელება აღარ შეეძლო. იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე. მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელიც შესრულების დროს გამოხატეთ, ძალიან მადლიერი ვარ და მიყვარხართ".

პნევმონიის ეს ფორმა ფილტვების ანთებაში გამოიხატება და მისი მიზეზი ხშირად ბაქტერია ან ვირუსებია. ის სამედიცინო ჩარევას ყოველთვის არ საჭიროებს. დაავადების სიმპტომებში შედის ხველა, გულ-მკერდის ტკივილი, ყელის წვა და თავის ტკივილი.

2018 წელს, ელტონ ჯონმა დააანონსა, რომ ტურებს შეწყვეტდა და დიდ დროს დაუთმობდა მის მთავარ პრიორიტეტს — ოჯახს. მომღერალი სამი წლის განმავლობაში გამოსამშვიდობებელ 300-მდე კონცერტს გამართავს. მისი მომდევნო კონცერტი კვლავ ოკლენდში სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

ამავე თემაზე: