ქართულმა ოცნებამ ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დააბრუნა. პარლამენტმა მისი კანდიდატურა განხილვის გარეშე დაამტკიცა. ის უწყებას ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პლენარულ სხდომა არ დაესწრნენ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა.

შოთაძის დაბრუნების გასაპროტესტებლად ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები პარლამენტთან დილიდან აქციას მართავდნენ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.