საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავად აჭარის მაუწყებელმა გაავრცელა.

"ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება", — ვკითხულობთ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ქართული ოცნებისგან დაკომპლექტებული მრჩევლებისგან არჩეული გიორგი კოხრეიძის მიერ დაწყებული რეორგანიზაცია. მან უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. გარდა ამისა, აღარ გაუგრძელა საინფორმაციო სამსახურის ერთ პროდიუსერს კონტრაქტი, მეორეს — მთავარი გამოშვების პროდიუსერს კი თანამდებობა გაუუქმა.