ლეგენდარულმა ამერიკელმა რეჟისორმა, მსახიობმა და კომიკოსმა, ვუდი ალენმა ავტობიოგრაფიული წიგნი Apropos of Nothing დაწერა, რომელიც სულ მალე გამოქვეყნდება.

ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობამ, Grand Central Publishing-მა გაავრცელა, რომლის თანახმადაც ვუდი ალენის ახალი წიგნი "მისი ცხოვრების ერთგვარი ყოვლისმომცველი მიმოხილვა იქნება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მისი გამოცდილება კინოში, თეატრში, ტელევიზიასა და ლიტერატურაში. ამ წიგნში ის ასევე მოგვითხრობს თავის ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაზეც".

აღსანიშნავია, რომ იგივე გამომცემლობა წელს ასევე სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმ პარაზიტის მიხედვით გრაფიკულ რომანსაც გამოსცემს.

86 წლის კინოხელოვანის ავტობიოგრაფია ამერიკის წიგნის მაღაზიების თაროებზე 7 აპრილს გამოჩნდება. როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, რეჟისორის მემუარები ამ გაზაფხულსვე გამოიცემა იტალიაში, კანადაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.

ვუდი ალენის ახალი წიგნის შესახებ ჭორები მანამდეც ვრცელდებოდა, თუმცა ახლა, როცა #MeToo მოძრაობის ფარგლებში თავის შვილზე, დილან ფეროუზე ძალადობის გამო კიდევ ერთხელ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში, განსაკუთრებულად ელიან იმას, თავად თუ შეეხება ამ საკითხებს თავის მემუარებში.

50-ზე მეტი ფილმის რეჟისორი, ასევე რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორიცაა. მათ შორის მოთხრობების რამდენიმე კრებული ჩემი აპოლოგია და თანმდევი მოვლენები ქართულ ენაზეცაა თარგმნილი.