აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს, თეონა ბაკურიძეს, შორენა ღლონტსა და მაია მერკვილაძეს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დაიცავს. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს და საქმეების მიმოხილვა წარმოადგინეს.

ორგანიზაციის მთავარი მთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა.

"ცხადია, აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მოშლისა და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს აჩენს", — წერია განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია იძაბება. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.

კერძოდ, კოხრეიძემ უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. 19 თებერვალს კი გაუუქმა თანამდებობა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. 28 თებერვალს მან სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.

4 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი აბაზაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე, ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს.

6 მარტს, კი თეონა ბაკურიძეს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს. დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანი საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე "ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია". აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

ამავე თემაზე: