ჰარი პოტერის წიგნების სერიის გულმხურვალე ფანების მნიშვნელოვან ნაწილს ამ ჯადოსნური სამყაროს შემოქმედმა, ჯოან როულინგმა კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედები: ბოლოდროინდელი განცხადებების გამო მას ტრანსფობიაში ადანაშაულებენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მსოფლიოში ამ ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ავტორმა ტვიტერის პირად ანგარიშზე სტატია სახელწოდებით "კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შევქმნათ უფრო თანასწორი გარემო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ" შემდეგი აღწერილობით გააზიარა:

"ადამიანები, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ". ვფიქრობ, მსგავსი ადამიანებისთვის შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა, დამეხმარეთ გახსენებაში".

მედია პლატფორმა Devex-ის ამ სტატიაში ნახსენებია, რომ ეს ტერმინი "გოგოების, ქალებისა და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირების" აღსანიშნავად გამოიყენეს, თუმცა როულინგმა ირიბად მიანიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ქალების ხსენებაც საკმარისია.

Variety-ის ცნობით, ამის გამო ის ბევრმა ტრანსფობიაში დაადანაშაულა, რადგან მენსტრუაცია ტრანსგენდერების, არაბინარული იდენტობის მქონე პირებისა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისთვისაცაა დამახასიათებელი.

ამის შემდეგ როულინგმა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი განცხადება გამოაქვეყნა:

"თუ სქესი რეალური არ არის (როგორც მყარი ბიოლოგიური მოცემულობა), მაშინ არც ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის სექსუალური მიზიდულობა არსებობს. თუ სქესი რეალური არ არის, მაშინ ქალების ცხოვრების გლობალური გამოცდილებაც უნდა გავაქროთ. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, მაგრამ სქესის ცნების წაშლით, ასევე უარვყოფთ ქალების ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან განხილვებს. სიმართლის თქმა ვინმეს მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს.

ჩემნაირი ქალები, ვინც ათწლეულებია ემპათიურები არიან ტრანსგენდერების მიმართ და მათთან კავშირს გრძნობენ, რადგან ქალების მსგავსად ისინიც პატრიარქალური ძალადობის მსხვერპლები არიან, არ უნდა დაადანაშაულო ტრანსფობიაში იმის გამო, რომ სქესის რეალურობის გვჯერა. ეს უბრალოდ უაზრობაა", — წერს როულინგი.

ტვიტერის მომხმარებლების უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ 54 წლის მწერალმა თავისი აზრი კიდევ ერთხელ დააფიქსირა:

"მე პატივს ვცემ ყველა ტრანსგენდერის უფლებას, რომ ისე შეეძლოს ცხოვრება, როგორც თავად უკეთ და კომფორტულად იგრძნობს თავს. თქვენთან ერთად დავიცავ ამ უფლებას, თუ თქვენი ტრანს იდენტობის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდებით. ამავდროულად კი მჯერა, რომ ჩემი ცხოვრება ჩემივე სქესმა — ქალობამ განსაზღვრა და სულაც არ მგონია, რომ ამის თქმა დანაშაულია".

ჯოან როულინგის ამ განცხადებებს გამოეხმაურა LGBTQ ადამიანების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია GLAAD:

"ჯ.კ. როულინგი კვლავ აგრძელებს იმ იდეოლოგიის მხარდაჭერას, რომელიც ჯიუტად ამახინჯებს ფაქტებს გენდერული იდენტობებისა და ტრანსგენდერების შესახებ. 2020 წელს კი ამას არანაირი გამართლება არ მოეძებნება".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცნობილი ბრიტანელი მწერალი ტრანსფობიაში დაადანაშაულეს: გასულ წელს მან მხარი დაუჭირა მაია ფორსტეიტერს, რომელმაც სამსახური ტრანსფობიური განცხადებების გამო დაკარგა.

როულინგი აცხადებდა, რომ ადამიანები მსგავსი შეხედულებების გამო სამსახურს არ უნდა კარგავდნენ, რასაც ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა.