გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, კახეთში ექსკურსიის დროს მოსწავლის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული მასწავლებლები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. პროკურატურა მათ მიმართ 5 000-5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ არც ეს არ დააკმაყოფილა.

გუშინ, პირველ ივლისს მთავარმა პროკურატურამ ნინოსხევში ექსკურსიის დროს 16 წლის მოსწავლის დაღუპვის საქმეზე ორ მასწავლებელს გულგრილობის მუხლით წაუყენა ბრალი. მასწავლებლებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

"დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე იყო სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მასწავლებელი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ნინოსხევის ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა.

მეორე მასწავლებელმა ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. იქ ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია", — წერია ბრალდების მხარის განცხადებაში.