პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს კონგრესმენ მარკვეი მალენს პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა. კონგრესმენ მალენის თქმით, საქართველოს რუსეთში განათლებამიღებული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.

გახარიას თქმით, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ.

"საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდშიც, დემოკრატიის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში", — განაცხადა გახარიამ.

ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მას "პუტინის მოკავშირეს" უწოდებს. წერილში საუბარია ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, რუსეთში დაგროვებულ ქონებასა და "პუტინთან მოკავშირეობაზე".

"ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიისთვის მთავარ საფრთხედ რჩება არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. საქართველოში არსებული სიტუაციით ჩანს იმათზე გავლენა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.

საქართველოს აკონტროლებს რუსეთში განათლებამიღებული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილიარდიანი ქონება დააგროვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიტოვებულ, კორუფციულ რუსულ ინდუსტრიაში.

იგი 2012 წლიდან მმართველ პარტიას კოალიცია ქართულ ოცნებას უძღვება რუსული და უკრაინული მეთოდებით, რათა ჩაშალოს დემოკრატიული პროგრესი. [...] ივანიშვილის ძალაუფლების კონსოლიდაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ქვეყანაში კანონიერად მომუშავე ამერიკული ბიზნესის განსადევნად", — წერს კონგრესმენი და ამ კონტექსტში მაგალითად მათ შორის, ფრონტერას საქმე მოჰყავს.

მის ბლოგში საუბარია იმაზეც, რომ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი თქმით, შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა:

"8 მარტს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, რაც საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩაურევლობას მოიცავდა, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც. მიუხედავად ამისა, შეთანხმების შესრულება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას".

კონგრესმენის თქმით, ქართველ ხალხს ნამდვილი დემოკრატია სურს და აშშ გააგრძელებს ამ მხრივ მხარდაჭერას:

"მსოფლიო ამერიკის შეერთებულ შტატებს უყურებს, როგორც მაგალითს და თუკი ჩვენ არ გავცემთ პასუხს რუსეთს, მაშინ სხვა ვინ უნდა გააკეთოს ეს?

ქართველ ხალხს სურს აყვავებული ეკონომიკა და ნამდვილი დემოკრატია. ყველა ქართველს აქვს ამის უფლება. ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის, ეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რათა მხარი დავუჭიროთ [საქართველოს] ამ ძალისხმევას, რუსული გავლენების თავიდან ასარიდებლად. ჩვენ ქართველ ხალხს მხარში უნდა დავუდგეთ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში".