ნილ გეიმანმა, რომელიც ცნობილი ბნელი ფენტეზი კომიქსების სერიის, The Sandman-ის, ავტორია, დაადასტურა, რომ მის კომიქსებზე დაფუძნებული Netflix-ის ახალი სერიალი მთლიანად გამოიყენებს წიგნების მასალას.

ნილ გეიმანის The Sandman 1989-1996 წლებში გამოვიდა და 75 ნომრისგან შედგება. კომიქსი Dream-ის (სიზმარი; ასევე ცნობილი, როგორც მორფეუსი) თავგადასავლებს მოგვითხრობს და ის საბოლოოდ სიზმრების სამყაროს მბრძანებელი ხდება. კომიქსის დასაწყისში Dream-ს იჭერენ და 70 წლის განმავლობაში ტყვეობაში ამყოფებენ. ის თავისუფლდება და ხელახლა აგებს სიზმრების სამყაროს, რომელიც მისი ტყვეობის განმავლობაში სრულმა ქაოსმა მოიცვა.

1990-იანების შემდეგ The Sandman-ის ადაპტაციის რამდენიმე მცდელობა არსებობდა, თუმცა არცერთი მათგანი არ შედგა: კომიქსების 75-ნომრიანი სერიის ფილმად გარდაქმნა ნებისმიერისთვის ძალიან რთული გამოწვევა იყო. ბევრმა სცადა კომიქსის მასალიდან დიდი ნაწილის ამოჭრა, რაც აუცილებელი ბოროტებაა ცალკეული ფილმის გადაღებისას, თუმცა ეს მცდელობებიც წარუმატებლად დასრულდა.

მიუხედავად ამისა, 2019 წლის ივნისში Netflix-მა განაცხადა, რომ Warner Bros.-თან შეთანხმების შემდეგ მათ სტრიმინგის პლატფორმისთვის The Sandman-ის სერიალად ადაპტირება გადაწყვიტეს. ისე ჩანდა, თითქოს კომიქსი, როგორც იქნა, დაბინავდა და საჭირო აღარ გახდებოდა მისი სიუჟეტის ნაწილის კომპრომისის სახით ამოჭრა.

ფოტო: DC Comics

Radio Times-თან ინტერვიუში გეიმანმა დაადასტურა, რომ ნეტფლიქსის ადაპტაცია კომიქსის 75-ნომრიანი სერიის სრულ სიუჟეტს დაფარავდა. გეიმანმა აღნიშნა, რომ ფილმად ადაპტირების კარგი სცენარებიც კი იმდენად ბევრი მასალის ამოღებას მოითხოვდა, რომ საბოლოოდ შედეგი კომიქსს აღარც კი ჰგავდა ხოლმე. ამჯერად ადაპტაცია სერიალია, რის გამოც ეს საჭირო აღარაა.

"Sandman-ის ფილმის გადაღების მთავარი სირთულე ისაა, რომ თავიდანვე გიწევს იმ კითხვის დასმა, რა უნდა ამოიღო [სიუჟეტიდან]. ბევრი სცენარი წამიკითხავს, მათ შორის საშინელიც და 'ჰმ, აქედან შეიძლება რამე გამოვიდეს' ტიპისაც. მაგრამ ყოველთვის მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ 'ეს მთლად Sandman არ არის. რაღაცები Sandman-ის ამ ნაწილიდანაა აღებული, რაღაცები — იმ ნაწილიდან, შემდეგ კი გაერთიანებულია'", — თქვა გეიმანმა.

მიუხედავად ამისა, ფანები კომიქსის 1:1-ში ადაპტაციას არ უნდა ელოდონ. გეიმანმა უკვე განაცხადა, რომ საწყის მასალაში გარკვეული ცვლილებების შეტანა იგეგმება. თუმცა კომიქსებიდან არაფერს ამოჭრიან — პირიქით, რაღაცებს დაამატებენ. ადაპტაციის ამგვარი ბუნება გეიმანსა და კრეატიული გუნდის სხვა წევრებს იმის საშუალებას მისცემს, რომ ნეტფლიქსის სერიალში ახალი იდეები შემოიტანონ და კომიქსის სამყარო კიდევ უფრო გააფართოონ მისგან მასალის ამოჭრის გარეშე.